აქტუალური
ირაკლი ალასანია დოქტორ ენდრიუ მურისონს შეხვდა

alasaniaსაქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრი დოქტორი ენდრიუ მურისონი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ ენდრიუ მურისონს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების პერსპექტივებზე ესაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„გაერთიანებული სამეფოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან თანამშრომლობას. ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძვით ავღანეთში. მინდა ჩემი სამძიმარი გამოვხატო ბოლოდროინდელი თავდასხმების შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროების გამო. დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი კიდევ უფრო გაამყარებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობას“, – განაცხადა დოქტორმა მურისონმა.