პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში დასრულდა

biz-mtსაქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. 24-25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველოს  დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესსა და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სთან. პრემიერ-მინისტრი შეხვდა აგრეთვე ქართველ ებრაელებს, რის შემდეგაც წმიდა ადგილები მოილოცა. იმავე დღეს იგი ისრაელის ეროვნულ ფონდს ესტუმრა და ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერმა ჰოლოკოსტის მუზეუმი დაათვალიერა და იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი - "იად ვაშემი" ყვავილების გვირგვინით შეამკო. ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა იერუსალიმის ძველი ქალაქი დაათვალიერა და გოდების კედელი მოინახულა.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ზეთისხილის მთაზე მდებარე პატერ ნოსტერის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა, რის შემდეგაც გაიმართა ქართული ტრანსლიტერაციით შესრულებული ლოცვის დაფის გახსნის ცერემონია.

გუშინვე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში შედგა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს პრემიერი შეხვდა ქნესეთის სპიკერ იული ედელშტეინ და ქნესეთის წევრებს: ოპოზიციის ლიდერ შელი იაჰიმოვიჩს და ავიგდორ ლიბერმანს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმს დაესწრო, სადაც ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

biz-1 biz-2
biz-3 biz-4
biz-5 biz-6
biz-7 biz-8
biz-9 biz-10
biz-11 biz-12