წარსულში ბ-ნი შაბთაი ცური, რომელიც წარმოშობით საჩხერის რაიონიდან არის (მისი ქართული გვარია შაბათაშვილი) საკმაოდ წარმატებული პოლიტიკოსი იყო. იგი დაუახლოვდა ციპი ლივნისა და თვით არიელ შარონს. როგორც ცნობილია, შარონი 2000-იან წლების დასაწყისში გამოეყო „ლიკუდის“ პარტიას და დააარსა ახალი პარტია „კადიმა“, რის შედეგადაც დაზარალდა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ინტერესები. სანამ შარონი ჯანმრთელი იყო და პოლიტიკაში მოღვაწეობდა, ნეთანიაჰუ უკანა პლანზე გადავიდა. მაგრამ შარონის კომაში ჩავარდნის შემდეგ ნეთანიაჰუმ და „ლიკუდმა“ მალევე დაიბრუნეს დაკარგული პოზიციები. დღეს ისრაელს სწორედ ისინი მართავენ.
როგორც ევრაზიის ინსტიტუტისთვის სარწმუნო წყაროებიდან გახდა ცნობილი (ინსტიტუტის ხელმძღვანელი გ.რცხილაძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში ა/წ 10-20 ივნისს), ამჟამად ბატონი შ.ცური არ წარმოადგენს ისრაელის ოფიციოზს და იგი კერძო პირია, ხოლო პრემიერ ნეთანიაჰუს დამოკიდებულება ამ პიროვნებისადმი, როგორც შარონის მხარეს გადასული პოლიტიკოსისა, მეტად უარყოფითია. ბატონი ივანიშვილის მასპინძლობა შაბთაი ცურის მხრიდან არ მოუმატებს ქულებს ივანიშვილს, ნეთანიაჰუს თვალში. საქართველოს სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს, პირადი ურთიერთობები გვერდით გადაიდოს და რეალობა იქნას გათვალისწინებული. მით უმეტეს, რომ ისრაელში 22 ოქტომბერს მუნიციპალური არჩევნებია დანიშნული, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას აპირებენ ბ-ნი შაბთაი ცური და მისი ვაჟიშვილი. მათთან ივანიშვილის გამოჩენა მხოლოდ მათი წინასაარჩევნო „პიარისთვის“ იქნება სასარგებლო, რათა ქართველი ებრაელების ხმები მოიპოვონ მამა-შვილმა ცურებმა აშდოდსა და აშქელონში.
მართალია, ნეთანიაჰუ საქართველოს ცურის გამო ომს არ გამოუცხადებს, მაგრამ მთლიანობაში ივანიშვილი-ცურის მეგობრობის დემონსტრირება არ იქნება სწორი სიგნალი ისრაელის მმართველი ძალის და პირადად პრემიერ-მინისტრის მისამართით. საერთოდ, ისიც გასარკვევია, რას ესწრაფის პრემიერი ივანიშვილი ისრაელში ვიზიტით - დღეს, 23 ივნისს, ამ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველო ისრაელისთვის არის რუსეთთან ურთიერთობებში ერთ-ერთი ინსტრუმენტი - ისრაელი საქართველოს სამხედრო ემბარგოს ინარჩუნებს მანამ, სანამ რუსეთი ირანისა და სირიის მიმართ ისრაელის ინტერესებს გაითვალისწინებს. მაგრამ თუკი ივანიშვილის ვიზიტის შედეგად ეს ემბარგო მოიხსნა, გამოდის, რომ ისრაელი და რუსეთი ვერ მორიგდნენ ერთმანეთში, ხოლო ემბარგოს მოხსნა რუსეთის გასაღიზიანებლად გადადგმული ნაბიჯი იქნება.
რამდენად არის ეს საქართველოს ინტერესებში?
ევრაზიის ინსტიტუტი.