საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა.
ამის შესახებ გუშინ მთავარ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც ითქვა ასევე, რომ შესაძლოა ბრალი სხვა მაღალჩინოსნებსაც წაეყენოთ.პროკურატურის განცხადების მიხედვით, მერაბიშვილისთვის ცნობილი იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დეტალები, რის შემდგომაც მან უზრუნველყო ფალსიციფიცირებული საქმის წარმოება.
„სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა, დ. ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ზემოაღნიშნული განაჩენით მსჯავრდებული პირები (გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური - საქინფორმი), არამედ, როგორც მინიმუმ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულებმა დუმილის სანაცვლოდ მიიღეს ფულადი ანაზღაურება და მათი პატიმრობაში ყოფნა არ განსხვავდებოდა თავისუფლებაზე მყოფი ადამიანების ცხოვრებისგან.
ამასთან, განცხადების მიხედვით, პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნული მსჯავრდებულების გათავისუფლების შესახებ ტენდენციური იყო.