პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: "ივანიშვილი არსად არ მიდის და უფრო რთულ სფეროში ინაცვლებს"

1-giorgi-margvelashviliსაქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერი, კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი არსად არ მიდის და ის უფრო რთულ სფეროში ინაცვლებს.

"განსაკუთრებული ნდობა უნდა გვქონდეს იმ ადამიანის, რომელმაც მრავალი ათწლეული შეალია საქართველოს განვითარებას. რომელმაც შეძლო და უსისხლოდ, მშვიდობიანად, დემოკრატიული გარდაქმნის სახით საქართველოში შეცვალა "ნაციონალური მოძრაობა". ადამიანის, რომელიც ქმნის ახალ დემოკრატიულ საქართველოს. მის ხედვას პატივი უნდა ვცეთ, მითუმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად არ მიდის და ის ინაცვლებს ბევრად რთულ სფეროში, ვიდრე სახელმწიფო მმართველობაა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით,  პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, რომლის შესახებ განცხადება უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა გააკეთა, გაუმართლებელია.

“ოქტომბრამდე უნდა მოვითმინოთ და ოქტომბერში უნდა დამთავრდეს ის, რაც უნდა დამთავრდეს ოქტომბერში. მეც არანაირად არ მსიამოვნებს ასეთ რთულ რეჟიმში ყოფნა... მაგრამ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს სტაბილური, არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშნები, თუ რატომ წავიდა ეს ადამიანი, მისი შეცვლა უნდა მოხდეს ოქტომბერში”, – აღნიშნა მან.