წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული კობა თოდუა მინისტრ ნარმანიას ბიძაშვილია
საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული
კობა თოდუა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის,
დავით ნარმანიას ბიძაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე კობა თოდუას ინტერესებს მინისტრის ძმა, ირაკლი ნარმანია იცავს. სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე სულ 9 პირია დაკავებული, მათი სასამართლო პროცესი 21 ივნისს გაიმართა, სადაც კობა თოდუამ სამართალდამცველები ზეწოლაში დაადანაშაულა. თოდუას თქმით, განუცხადეს, რომ თუკი დანაშაულს აღიარებდა, ბრალი შეუმსუბუქდებოდა. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.