სამართალი
არასრულწლოვანი პატიმარი პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს

arasrulwlovani-patimariდღეს „თავისუფალი აზრის სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელისო კილაძემ არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. „გვანცა ყუფარაძემ გამოგვიგზავნა წერილი, რომელსაც ჩვენ ყველა დედას, პოლიტიკოს ქალებს და პოლიტიკოსთა დედებს მივაწვდით.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ თავი გვანცა ყუფარაძის მშობლების ადგილზე. მიაწოდეთ ობიექტური ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრებს. ერთად გადავარჩინოთ არასრულწლოვანი გოგონა“, - განაცხადა ელისო კილაძემ.

ქალბატონმა ელისომ საქინფორმის კორესპოდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ მათ უკვე მიმართეს ეკა ბესელიას, ინგა გრიგოლიასა და ნინო ბურჯანაძეს, რომლებმაც თანადგომა გამოუცხადეს გვანცა ყუფარაძეს.

„მე ხომ არასრულწლოვანი ვარ, თქვენც ხომ გყავთ შვილები? წარმოიდგინეთ თქვენი შვილები ჩემს ადგილას. ნუ იზამთ ამას, ნუ დაუმალავთ ჩემს წერილს ბატონ პრეზიდენტს, დაე, თვითონ გადაწყვიტოს ჩემი ბედი“, - წერს გვანცა ყუფარაძე წერილში.

შეგახსენებთ, რომ გვანცა ყუფარაძე 2006 წელს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლეს და 10 წელი მიუსაჯეს. ვინაიდან საქართველოში არ არსებობს ქალ არასრულწლოვანთა კოლონია, ყუფარაძე სასჯელს სრულწლოვან ქალთა ციხეში იხდის.