პუბლიკაციები
ვალერი ჩხეიძე: „უშიშროების საბჭო უნდა გაუქმდეს, ბოკერია იქიდან კინწისკვრით უნდა გააგდო! მათ შექმნეს გესტაპოს ტიპის სტრუქტურა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების კი არა, სააკაშვილის ოჯახის ეკონომიკური, ფინანსური და ბიზნესინტერესების დასაცავად მუშაობდა!“

1-analit1-chxeiZe-mtსაქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის სტუმარია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე.

ვინაიდან ბატონი ვალერი წლების წინ ავღანეთში, ყველაზე ცხელ წერტილში იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას კარგად იცნობს, გადავწყვიტეთ, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ შენაერთებზე თავდასხმის ფაქტებსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობაზე გვესაუბრა.

- ბატონო ვალერი, თქვენ ავღანეთში, ცხელ წერტილში ხანგრძლივი დროით იმყოფებოდით და კარგად იცნობთ ადგილობრივ ვითარებას. რა ხდებოდა და რა ხდება დღეს ავღანეთში?

- პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო იმ ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ. ეს დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანის და მთელი საქართველოსთვის.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ ავღანეთს უწოდებენ „იმპერიების სასაფლაოს“ - ეს ტერმინი შემთხვევითი არ არის. ბევრი ქვეყანა ცდილობდა ავღანეთის დაპყრობას, მაგრამ იქ საბოლოოდ ვერავინ გამაგრებულა. ავღანეთი ისლამური ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა ერები და ეთნოსები ცხოვრობენ და მათ შორის ხშირად გარკვეულ დაპირისპირებას აქვს ადგილი, თუმცა, საკმარისია, ვინმე გარედან შევიდეს, რომ ისინი ერთიანდებიან. ავღანელები 14 წლის ასაკში უკვე მეომრები არიან. ისინი საკუთარ ტერიტორიაზე იმყოფებიან და მშობლიურ კუთხეს იცავენ უცხოელებისგან.

- რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ქართული საჯარისო შენაერთების ავღანეთში ყოფნა?

- ჩემი აზრით, საქართველოს ავღანეთში არაფერი ესაქმება! ეს არის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ახირება და ვასალური მიდგომა აშშ-ის დიქტატის მიმართ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ როცა საქართველოს ხელისუფლება ავღანეთში ქართული შენაერთების შეყვანას გეგმავდა, არც სააკაშვილს და არც თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონდათ შესწავლილი, თუ სად მივდივართ და რატომ მივდივართ! ავღანელებს ერთი კარგი გამონათქვამი აქვთ - „სანამ სხვის სახლში შეხვალ, იფიქრე, უკან როგორ უნდა გამოხვიდე“ - ეს უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს მთავრობას.

1-analit-1-cxeiZe-shua

სამწუხაროა, რომ ქართულ ბაზაზე თავდასხმების არცერთი შემთხვევა დღემდე არ არის გამოკვლეული და შესაბამისი დასკვნები არ გაკეთებულა. ხშირად ისმის საყვედურები თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიმართ, რაც არასწორად მიმაჩნია, რადგან ალასანია პოლიტიკური ფიგურაა და მას არ ევალება იცოდეს, რომელი ჯარისკაცი რომელ პოსტზეა, როგორ არის ბაზა დაცული და ა.შ. ასეთი შემთხვევების დროს შეკითხვები ისმება გენშტაბის მისამართით. საინტერესოა, ქართული შენაერთების დისლოკაციის ადგილის დადგენის შემდეგ იყო თუ არა გენშტაბის რომელიმე მაღალჩინოსანი ავღანეთში ჩასული?

რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, ბაზაზე მანქანით შევიდა შაჰიდი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შაჰიდმა ქართველი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილამდე რამდენიმე კილომეტრი მშვიდად გაიარა. ისმის კითხვა - რატომ არ არის ბაზიდან მოცილებული ბლოკპოსტები (საიდუმლო თუ სტანდარტული), რომლებიც გადამცემით შეატყობინებდნენ ბაზას საეჭვო ავტომობილის მოძრაობის შესახებ?! რატომ არ კონტროლდება გზა, რომელიც მიდის ქართველი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილამდე? გარდა ამისა, სამხედრო ხელმძღვანელობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წინმსწრები ინფორმაცია უნდა ჰქონოდა. გასაგებია, რომ იქ ომია და ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ბაზაზე დანაღმული მანქანით რომ შაჰიდი შემოგივარდება, ეს სამხედრო ხელმძღვანელობის დაუდევრობაა! ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავღანეთში დატრიალებულ ტრაგედიაში მე პირდაპირ ვადანაშაულებ საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას, რადგან ეს მოხდა მათი უყურადღებობის შედეგად. იმდენი შეცდომაა დაშვებული, რომ თუ შესაბამისი უწყებები მომხდარს კარგად ჩაეძიებიან, გენშტაბის უფროსიდან დაწყებული, ყველა მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს!

- მიუხედავად დატრიალებული ტრაგედიისა, ივანიშვილის მთავრობა, როგორც ჩანს, არ აპირებს არც ქართული ჯარების კონტინგენტის შემცირებას  და არც მისიის დატოვებას, მაშინ, როცა ნატოს წევრი ქვეყნები აქტიურად მუშაობენ ამ კუთხით. თქვენ რას ურჩევდით ახალ მთავრობას?

- რჩევის მიცემას აზრი არ აქვს, უბრალოდ დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას. ქვეყნის კურსი, რომელიც ვითომ ნატოსკენ ისწრაფვის, ეს არის ჩიხი. არავინ აპირებს საქართველოს ნატოში მიღებას. არც არავინ გვცემს პასუხს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი. ნატო არის კარგად შეფუთული ნივთი, რომლითაც ატყუებენ საზოგადოებას. ის, რომ მალე მიგვიღებენ ალიანსში და ვიქნებით უსაფრთხო ქვეყანა, არის ხალხის და მომავალი თაობის მოტყუება. გახსოვთ, ალბათ, ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ბოლო განცხადება, რომ „ნატო სუპერმარკეტის კარი არ არის, რომელიც მიახლოებისას იღება“. ჩვენ არ გვინდა იმ „სუპერმარკეტში“ შესვლა, სადაც „დამპალი საქონელი იყიდება“.

თუკი საქართველოს ხელისუფლების ნება იქნება, უნდა დაიწყოს სერიოზული მზადება. ჯერ ქართველ ხალხს უნდა ავუხსნათ, თუ რა არის ნატო და რისთვის შეიქმნა ეს ალიანსი. კარდაკარ უნდა იარონ ადამიანებმა და მოსახლეობას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია, უნდა გაიხსნას სატელევიზიო ეთერი და ფართო მსჯელობა გაიმართოს ამ თემაზე, შემდეგ კი ჩაატარონ რეფერენდუმი და ქართველმა ხალხმა თვითონ განსაზღვროს, გვინდა თუ არა ნატოში!

- რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა აღნიშნული ფაქტი ავღანეთში დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდებოდეს?

- სამწუხაროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით არასაკმარის ინფორმაციას ვფლობ და დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. ძნელია, საქართველოში ტერაქტის მზადების ფაქტი ავღანეთში ქართულ შენაერთზე თავდასხმას ან იმ ვიდეორგოლებს დავუკავშიროთ, რომელთა ავთენტურობაც ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ ცხადია, რომ რამდენიმე მოვლენა საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

- თქვენი აზრით, დღეს რამდენად არის მზად ქართული სახელმწიფო ამ ტიპის საფრთხეების პრევენციისთვის?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც სასაზღვრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ კონტროლდება ისე, როგორც საჭიროა. 2004 წლამდე, მინიმალური სახსრებით, მაქსიმალურად ვაკონტროლებდით საზღვარს. დღეს ქვეყნის საემიგრაციო სისტემა მოშლილია. რაც შეეხება საპასპორტო კონტროლს, არ ვიცი, რომელ „ჭკვიანს“ მოუვიდა თავში, რომ ეს ფუნქცია სასაზღვრო კონტროლისთვის ჩამოერთმია და პატრულისთვის გადაეცა.

მთლიანად საზღვრის დაცვის სისტემაა მოშლილი. არც სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა დგას იმ დონეზე, რა გამოწვევებიც აქვს საქართველოს. როგორ შეიძლება, ქვეყანას არ ჰქონდეს განცალკევებული სპეცსამსახურების სტრუქტურა? ქვეყნის უსაფრთხოება იწყება სახელმწიფოს საზღვრიდან და ეს უნდა ევალებოდეს ცალკე აღებულ სტრუქტურას. უშიშროების საბჭო ყოველ თვე უნდა იკრიბებოდეს და სერიოზულ ანალიტიკურ მუშაობას აწარმოებდეს. სპეცსამსახურები უშიშროების საბჭოს და ქვეყნის პირველ პირებს სისტემატურ რეჟიმში უნდა აწვდიდნენ დეტალურ ოპერატიულ-ანალიტიკურ ინფორმაციას და აძლევდნენ რეკომენდაციებს. ის, რომ საქართველო დღეს საჭირო დონეზე არ კონტროლდება, მთელი ქვეყნის პრობლემაა და ჩვენ სრული იურიდიული და კონსტიტუციური უფლება გვაქვს, ხელისუფლებას პასუხი მოვთხოვოთ იმაზე, თუ რატომ არ მუშაობს ეს სისტემა.

დღეს მოქმედი უშიშროების საბჭო საერთოდ გასაუქმებელია. გიგა ბოკერიას კაბინეტის კარი უნდა აუჭედონ და კინწისკვრით გამოაგდონ იქიდან, რადგან მათ შექმნეს გესტაპოს ტიპის სტრუქტურა, რომელიც მუშაობდა არა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, არამედ სააკაშვილის ოჯახის და მათი კლანის ეკონომიკურ-ფინანსურ-ბიზნეს ინტერესების დასაცავად.

დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას მოუწევს ამ საკითხების დღის წესრიგში დაყენება და იმედი მაქვს, რომ ეს მანამდე მოხდება, სანამ კიდევ ერთხელ „ძმარს გვადენენ ცხვირიდან“.

- რას გულისხმობთ, შესაძლოა ამ რამდენიმე მოვლენას გაგრძელება ჰქონდეს?

- სამწუხაროა, მაგრამ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამის გამორიცხვა შეუძლებელია.

- ბატონო ვალერი, თქვენ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე საკანდიდატო ნაშრომი გაქვთ მომზადებული. შესთავაზეთ თუ არა ეს კონცეფცია საქართველოს ხელისუფლებას?

- არ შემითავაზებია. თუ დასჭირდათ, თვითონ მომძებნიან, ეს არ გაუჭირდებათ.

ესაუბრა ნატა წერეთელი