საზოგადოება
პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები კვირას არ განადგურდება

1-ekaaსაქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. შსს-ში სპეციალური კომისიის სხდომა დასრულდა და გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით  კიდევ ერთელ შეიცვალა. ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვირას, 3 საათზე, როგორც ეს დაგეგმილი იყო, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები აღარ განადგურდება. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, პარასკევს, გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც მოიწვევენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორის წევრებსა და პოლიტიკოსებს, მიაწვდიან მათ ინფორმაციას ამ ვიდეოების შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში კადრებსაც ანახვებენ. ამასთან, კომისიის წევრები იმსჯელებენ, თუ კონკრეტულად როდის განადგურდება ეს ჩანაწერები.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, „კომისიამ გადაწყვიტა, რომ საზოგადოების გარკვეულ წევრებს გააცნოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სისტემური იყო ეს დანაშაული. იმ შემთხვევაში, თუკი განსაკუთრებული სურვილი იქნება დიპლომატების მხრიდან, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა ნახონ, შესაძლებელია ესეც ანახონ შესაბამის ფორმატში“.

კომისიის ერთ-ერთი წევრი, გაზეთ “რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „თუ პრეზიდენტს მიაჩნია, რაც ძალიან ირონიულად და ცინიკურად ჟღერს, რომ არ არსებობდა სისტემური მიდგომა და ეს არ იყო სისტემური დანაშაული, მაშინ მობრძანდეს და ჩვენთან ერთად ნახოს ის მასალები, რომელიც არის დღეს შსს-ში“.