პოლიტიკა
შალვა ხაჭაპურიძე ჰააგის სასამართლოსგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის დაჩქარებას ითხოვს

haag-courtპარტია „ჩვენი საქართველოს“ ლიდერი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ჰააგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სასარჩელო განცხადების დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს.

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ საქინფორმთან საუბარში განაცხადა, საქმეს პრიორიტეტი რომ მიენიჭოს, აუცილებელია ხუთი წევრი ქვეყნიდან სამის თანხმობა.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინგლისი და საფრანგეთი წარმოადგენენ. ხაჭაპურიძე აღნიშნულ ქვეყნებში წასასვლელად ვიზას ითხოვს, ვინაიდან, მისი თქმით, დაჩქარებაზე მოთხოვნა ადგილზე ჩასვლასა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში შეხვედრებს საჭიროებს. ხაჭაპურიძის განცხადებით, საფრანგეთის საელჩომ უკვე მისცა ვიზა და ახლა იმავეს დანარჩენი ქვეყნებისგან ითხოვს.

შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადება ჰააგის სასამართლოს რეგისტრაციაში გაატარა. სარჩელი ჰააგაში 26 ოქტომბერს შევიდა. მისივე თქმით, სარჩელით ის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასჯას ''ვარდების რევოლუციის'' შემდეგ მომხდარ დანაშაულებებთან დაკავშირებით ითხოვს.