სამართალი
ძველი თბილისის გამგებელ ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს

1-nika-meliaსაქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ძველი თბილისის გამგებელ ნიკა მელიას 12 მაისს რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით ხულიგნობის მუხლით ბრალი წაუყენეს. ნიკა მელია ვაკე-საბურთალოს რაიონის პირველ სამმართველოში დაკითხვაზე 6 საათის განმავლობაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა მელიამ “რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, მას ბრალი სამი მოწმის ჩვენებებზე დაყრდნობით წაუყენეს.

"ბრალი ხულიგნობის მუხლით, სამ ჩვენებაზე დაყრდნობით წამიყენეს. ეს ძირითადად მაზიაშვილის, გიორგობიანის და იოსებ ბაკურიას ჩვენებებია. ეს ხალხი ჩვენებაში ამბობს, რომ მე მათ ფიზიკურად გავუსწორდი. თუმცა სრულიად საწინააღმდეგოს ამბობენ ჩვენებაში, ვიდრე გასული ორი თვის განმალობაში. აქამდე ისინი აცხადებდნენ, რომ სამი პირი ოც ადამიანს გაუსწორდა . ჩანდა, რომ გამომძიებელი ვერ იღებდა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. ის მითითებებს პროკურორისგან იღებდა, რომელიც თავის მხრივ ყველაფერს ზემოთ ათანხმებდა. ერთი სიტყვით, ამაში პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიასთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ დევნად აფასებს მისი ადვოკატი გოგიტა გაბაიძეც, რომელსაც აინტერესებს, "თუ ნიკა მელიას წარედგინა ბრალდება, მაშინ დანარჩენებს რატომ არ წაუყენეს“.