თაკო სალაყაია: „მინდა, რომ ყველა ძალადობის ფაქტი ობიექტურად გამოიძიონ“
საქართველო, 20 ივნისი,
საქინფორმი. როგორც „
პირველი რადიო“ იუწყება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის
ვანო მერაბიშვილის მეუღლემ "პირველ რადიოსთან" სატელეფონო საუბარში დუმილი დაარღვია.
თაკო სალაყაიას განცხადებით, მას ამ დრომდე არ მიუღია პასუხი კითხვაზე, მიეცემა თუ არა მეუღლის მონახულების საშუალება. ამ მოთხოვნით ადვოკატმა და მერაბიშვილმა შესაბამის უწყებას უკვე მიმართეს.
„ჩვენი ოჯახი პოლიტიკური ზეწოლის და ანგარიშსწორების მსხვერპლია. ხელისუფლება ცდილობს ე.წ. ძალადობრივი სისტემის შემქმნელებად გამოგვაცხადოს. პირადად მე ყოველდღე მესმის ჩემი მეუღლის და ჩემი მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები - ყველა ბრალდება აბსურდია. მე პირადად მინდა, რომ ყველა ძალადობის ფაქტი, რომელზედაც საზოგადოება საუბრობს, რომელზედაც პოლიტიკოსები ჭორაობენ, ობიექტურად იქნეს გამოძიებული, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს სიმართლე. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩემი ოჯახი პოლიტიკური ზეწოლის და ანგარიშსწორების მსხვერპლია, რასაც ჩვენ ღირსეულად გავუძლებთ და ვანო თავის სიმართლეს დაამტკიცებს“, - განაცხადა "პირველ რადიოსთან" ექსკლუზიურ კომენტარში თაკო სალაყაიამ.