პუბლიკაციები
ეროვნული პროგრესი ილიჩის მიხედვით: ნაბიჯი - წინ, ორი ნაბიჯი უკან

dideba-partiasამბობენ, რომ დახლებიდან გამქრალი წიწიბურა ორშაბათიდან ცალობით გაიყიდება, უფრო ზუსტად, - მარცვლები ცალცალობით. კილოგრამობით ყიდვის საშუალება კარგა ხანია, არ გვაქვს. ასე რომ, როგორც ამბობენ, მივაღწიოთ ორშაბათამდე და ცალობით ასორტიმენტს - ნიორს, წიწაკას, სტაფილოს - წიწიბურაც მივუმატოთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი განუხრელი გაძვირების და... დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგია. ჩვენს “მთავარს” შესაძლებლობა ეძლევა ტელეეკრანზე გამოგვეცხადოს და ტრადიციულად გამოგვიცხადოს, რომ მსოფლიოში არსად ასეთი რამ არ დაფიქსირებულა. ასე რომ, - მორიგი “ვაშა!”.

თვალცრემლიანი ზეიმი

ჩავლილი თბილისობა ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო, რადგან ორგანიზებული “ეროვნული” შაბლონებით დაიწყო, ანუ უცხოელთა “ექსკლუზიური” აღფრთოვანებით ტივით გასეირნებისა გამო მტკვრის არცთუ კამკამა წყლისა და საეჭვო სურნელებით გაჯერებულ გარემოში.

გულახდილად ვთქვით: დედაქალაქის მერს, მსოფლიოს 40 დედაქალაქიდან თავისი კოლეგების მოწვევამდე უნდა ეზრუნა პოეტების მიერ შექებულ მტკვარში ყროლ საკანალიზაციო ჩადინებათა გასაწმენდად, იმ 300 ათასი ლარისა და გაუხმაურებელ “შემოწირულობათა” ფარგლებში, რომლებიც დაიხარჯა “ყარაჩოღლურ” პურისჭამაზე, რამაც უზრუნველყო საზეიმო გაქანება ღონისძიების, ათი დღის მანძილზე რომ გაიჭიმა რატომღაც. ესეც “ნოუ-ჰაუს” რიგიდანაა, ყაირათიანობაზე მინიშნების გარეშე.

კიდევ ერთი საბიუჯეტო “ნოუ-ჰაუს” მიხედვით, ყველას, გამონაკლისის გარეშე, შემოგვთავაზეს “ქამრების მაგრად მოჭერა”. ანუ იმათ, ვინც 60-80 ან 100 ლარიან პენსიას იღებს და იმათაც, ვისაც მერია და საკრებულო ხელფასებით უზრუნველყოფს, აგრეთვე - დეპუტატებს სიის მიხედვით. ხედავთ, რა საოცრად “თანაბარი” სასტარტო შესაძლებლობაა ეკონომიის გასაწევად? მით უფრო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სოციალურად დაუცველი პედაგოგების და სხვა უპოვართა დახმარების ინდექსაციაზე ოფიციალურად არავინ ხმას არ იღებს და პენსიების გაზრდაზეც არავინ ფიქრობს, რადგან ბიუჯეტის პროექტის სოციალური ციფრები, შარშანდელთან შედარებით, თითქმის უცვლელია. არადა, პენსია ხუთი ლარითაც რომ გაიზარდოს ყოველთვიურად დამატებით 40 მილიონი ლარია საჭირო. ასეთი ფული კი არ აქვს არც მერიას, არც პრეზიდენტს. მათ თავისებურად ესმით ცხოვრებაც, ეკონომიკაც და... ეკონომიის საკითხებიც. მაგალითად, ბიუჯეტის პროექტის კორექტირება შეიძლება იმგვარად, რომ გრაფაში “სხვადასხვა” ჩაწერონ 500 ათასი ლარი... პრეზიდენტის გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად.

დავიწყოთ, თუნდაც, დევნილების სამარცხვინო “დიდი გადასახლებით”, რაც ზაფხულში განახორციელეს, თანაც დიდი ხმაურით. ეს ყველაფერი იმდენად აღმაშფოთებელი იყო, რომ უარყოფითი ეფექტი მოახდინა ლიბერალურ ორგანიზაციებზე დასავლეთში, რომლებიც ჩვეულებრივ თვალს ხუჭავენ პრეზიდენტის ამგვარ “ცელქობაზე”.

ბლოგ Le Nouvel Observater Free Caucasus ცნობით, უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა საქართველოს მთავრობას მოსთხოვა ბოლო მოუღოს იძულებით ადგილნაცვალთა იძულებით გამოსახლებას. “ადგილობრივი წყაროების მონაცემებით, 2010 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ჩატარებული ხუთი ოპერაციის შედეგად ხუთ ათას კაცამდე ძალადობრივად გამოასახლეს თავიანთი სახლებიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ეს ღონისძიებები, აშკარაა, რომ განხორციელდა საერთაშორისო ნორმების დარღვევით”, - ასკვნის აღნიშნული გამოცემა. და კიდევ რამდენიმე წინადადება იმავე საკითხზე: “საერთაშორისო პროტესტების შემდეგ ხელისუფლებამ 23 აგვისტოს შეწყვიტა ძალადობრივი გამოსახლება. ორგანიზაცია მიესალმება ამას, მაგრამ შეახსენებს, რომ ბოლო თვეებში გამოსახლებულ ბევრ ადამიანს აქამდე არა აქვს შესაფერი საცხოვრებელი და ისინი განიცდიან ზემოქმედებას ხელისუფალთა მხრიდან, რომელთაც სურთ გაასახლონ ისინი საქართველოს სხვა პროვინციებში”.

 

ევროპული სკანდალის კვალზე

 

სახეზეა ნამდვილი ევროპული სკანდალი, რომლის მიზეზი ცნობილია ვინც არის. ამიტომაც სასწრაფოდ გახდა საჭირო ბიუჯეტის იატაკქვეშა რეზერვებიდან დიდი თანხის ამოღება, მომხდარის შედეგად სახე და სახელწაშლილი ორი ფიგურანტისა და მრავალი ავტორის ფეისების გასაკეთილშობილებლად და ამერიკული წყაროების მეშვეობით მათი მედიური რეაბილიტაციისთვის.

პრეზიდენტისა და მერის საქებარი სიტყვა პროფესიული შესრულებით აჟღერდა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ამერიკული კომპანიის ბაგეთაგან. Greenbery Quinlan Rosner-მა საქართველოში გამოჰკითხა ათას ორასი რესპონდენტი, რომელთა უდიდესმა უმრავლესობამ გამოხატა ნდობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ და მხარი დაუჭირა თბილისის მერს.

კიდევ ერთი, ადგილობრივი მასშტაბის სკანდალუკა, გათამაშდა ამერიკული სოციოლოგიური გულახდილობის კვალზე. გაირკვა, რომ სააკაშვილის სახელი, ისევე, როგორც უგულავასი, აღნიშნული იყო ამ პატივსაცემი კომპანიის საიტზე მის კლიენტთა შორის. გასაგებია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი, ნაყიდი პიარი და სხვა არაფერი. ობიექტურობის ან სხვა რაც ზეამოცანაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

“უტყუარი” გამოკითხვისა და გაღებული სოლიდური ხარჯების მიზანი ბანალურად მარტივია და აბსურდული. ერთის მხრივ, საკუთარი ხალხის აბუჩად აგდება, ლტოლვილების ამორჩევითი გადასახლება “შორეულ გუბერნიებში” - საზღვართან ახლოს იმ მიზნით, რათა გადავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ, “მოვაჭრე პროლეტარიატის” გაპანღურება და გაროზგვა დედაქალაქში. მეორე მხრივ, საოცარი პერსონალური პოპულარობა და “სახალხო სიყვარულისა” და ნდობის დაუშრეტელობა!

ერთი სიტყვით, როგორც სჩვევიათ, გადაამლაშეს! კარგა ხანია, არც პოპულარობა აღარ არსებობს, აღარც სიყვარული, ისევე, როგორც მხარდაჭერის აბსოლუტურს მიახლოებული ციფრები. გარშემო მხოლოდ დაღლილი ხალხია, იმედგაცრუებული ადამიანები.

ზეიმი კი მუდმივად მზარდი ფასების ფონზე სერიოზული გამღიზიანებელი აღმოჩნდა, რადგან ტრადიციულ ვაჭრობაზე ტრადიციული სიიაფე არ შეიმჩნეოდა. ბატონ მერს, რომელიც ფრიად დაკავებული იყო ყურძნის ჭყლეტით და ღვინის წურვით, ამეებისთვის არ ეცალა. სხვები - მერის კარის მსახურნი - ხეირს ეძებდნენ ზეიმის კულუარებში, მათ შორის, სოფლის პარტორგანიზატორებიც “ნაციონალების” მხრიდან. მეორე, ნუ დავმალავთ და ვთქვათ, რომ საკმაოდ მოგვყირჭდა ტურისტული აღფრთოვანების მოსმენა, გაქონილი ტუჩებს წკლაპუნით ხინკლისა და ხაჭაპურის არაჩვეულებრივი გემოს ქება... ამ პოლიტკორექტულ სტუმრებს აზრადაც არ მოუვიდოდათ მიშასა და გიგის წინააღმდეგ გალაშქრება უკიდურესად არაკორექტული ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის, ან “რუსი ეროვნების პირების” - ბატონების მედვედევისა და პუტინის მიმართ პირადი სიძულვილის გამო.

 

კორუფცია ცხრაკლიტულს მიღმა

 

იმის დაწვრილებით გადმოცემა, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გორდაძემ შვეიცარიულ Le Tans განუცხადა პრეზიდენტთან ერთად ფრანკოფონიის სამიტზე ყოფნისას მონტრეში, ამჯერად უაზრობა იქნება. მისი ინტერვიუდან ზოგიერთი ნაწილის ციტირება კი კარგი გასართობიც იქნება და ჭკუის სასწავლებელიც.

ბატონ გორდაძის აზრით, “ჩვენ (ანუ მოქმედმა ხელისუფლებამ) შევძელით გადაგვერჩინა დემოკრატია. საქართველომ განახორციელა ღრმა ეკონომიკური რეფორმები, რამაც ნაყოფი გამოიღო. სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა კორუფციის სრული აღმოფხვრაა”. “ნაციონალებმა” გააცამტვერეს კორუფცია, ანუ შეძლეს განეხორციელებინათ ის, რისი გაკეთებაც ვერ მოახერხა მსოფლიოს ვერცერთმა სახელმწიფომ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე!

მაგრამ, აი, უბედურება: რამდენიმე დღეში კიდევ ერთი, ეროვნული მასშტაბის კურიოზი მოხდა. საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-მა, ეტყობა, არ გაითვალისწინა ჩვენი პრივატული ავტორიტეტული მოსაზრებანი და გამოაქვეყნა წლიური ანგარიში მსოფლიოს ქვეყნებში კორუფციის დონის შესახებ, რომლის თანახმად საქართველო პირველ, ან მეორე ადგილზე კი არ არის დასახელებული, არამედ 68-ზე. თუმცა, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ ბალტიისპირელები. საძულველი რუსეთი კი ტაჯიკეთთან და ყირგიზეთთან ერთად 154-ე ადგილზე იმყოფება. ეს ფაქტი ცოტას გაგვიხალისებს გუნებას, მაგრამ ესაა და ეს: ქართული კორუფციის აღმოფხვრაზე არავინ ლაპარაკობს. და სწორადაც იქცევიან!

მიუკიბ-მოუკიბავად ვთქვათ, რომ მინისტრების მოადგილეები, სხვა ჩინოვნიკები ღირსნი არ არიან ატარონ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრების სახელი. გავიხსენოთ, რომ ლენინური პარტია თავისი რიგებიდან ულაპარაკოდ რიცხავდა მექრთამეებს, და სასამართლოს წინაშე ისინი პარტიული სამხრეულების გარეშე წარდგებოდნენ ხოლმე. ხომ შეიძლება ჩვენც გადმოვიღოთ ეს, ყველას მიერ დავიწყებული მეთოდი?

უცხოური სპეცები ამტკიცებენ, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის ზღვარი ძალიან მაღალია, კორუფცია კი ცხრაკლიტულს მიღმაა დამალული.

პარტიული და სამთავრობო აქტივი დემაგოგიური ხრიკებით ჩქმალავს უცხოელების იმ დასკვნებს, რომლებითაც არცთუ მომგებიანად წარმოაჩენენ საქართველოში არსებულ რეალობას. გონებაშეზღუდულები მხოლოდ ქებით ტკბებიან, ნეგატიურ შეფასებებს კი აფოფრილნი ხვდებიან.

დასკვნა ერთადერთია: ასეთი ერთსულოვნების პირობებში საეჭვოა, დემოკრატიის განვითარების იმედით განვიმსჭვალოთ. ეკონომიკასაც არაფერი ეშველება!

ასეთია პროგრესი ილიჩის მიხედვით: ნაბიჯი - წინ, ორი ნაბიჯი - უკან!

 

საქინფორმი