პოლიტიკა
მარინე მიზანდარი: „ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების საკითხი გადაწყვეტილია“
1-bagratis-taZariსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. გელათის გამო იუნესკომ ბაგრატის ტაძარი საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაში დროებით დატოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა აუწყა, რომელიც კამბოჯაში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიაში მონაწილეობს. "ფორმალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბაგრატი საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში ერთი წელი იქნება თუ მეტი. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის  ამოღების საკითხი გადაწყვეტილია. ეს გადაწყვეტილება ძალაში ერთი წლის მერე შევა თუ ორის, მნიშვნელობა არ აქვს. იუნესკომ გამოიჩინა კეთილი ნება და ნუსხიდან ბაგრატი ახლა არ ამოიღო, რადგან ბაგრატი და გელათი ერთი ნომინაციის ორი კომპონენტია. მოგვცეს საშუალება, ბაგრატი გელათით ჩავანაცვლოთ და იგი დამოუკიდებლად იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა მარინა მიზანდარმა.
დამოუკიდებელმა ექსპერტმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხიდან ჯერ ამოღებული არ არის. იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ ამასთან დაკავშირებით მხოლოდ რეზოლუცია მიიღო.