საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, რომელიც მან გუშინ საღამოს გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას გააკეთა, მას ზარავს იმის გახსენება, რაც მისთვის ცნობილია იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებზეც საუბარი იქნება შს მინისტრისა და დიპკორპუსის წარმომადგენლების შეხვედრაზე.
„ძალიან სამწუხარო სიურპრიზი ელოდება საზოგადოებას. ამ ვიდეოების ნახვის შემდეგ, სადაც აბსოლუტურად სისტემურ დანაშაულზეა საუბარი, სისტემაში, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვანო მერაბიშვილი, ჩვენმა მეგობრებმა შეიძლება ტელევიზორის დადგმა კი არ გვთხოვონ, არამედ გვთხოვონ, რომ დავაჩქაროთ მისი სასამართლო პროცესი“, -აღნიშნა კვაჭანტირაძემ და დასძინა, რომ დეტალებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გაახმაურებს.
გადაცემის მეორე სტუმარის, თინა ხიდაშელის თქმით კი: „რაც არის სამალავებში აღმოჩენილ მასალებში, მე ვერასოდეს წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა მეცხოვრა ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ასეთი რამე მომხდარიყო“.
საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ცნობით, კადრებში, რომლებზეც დიპლომატებთან შეხვედრისას იქნება საუბარი, ასახულია ქუთაისის პოლიციაში დაპატიმრებულთა წამება, გაუპატიურება და ამ გზით მოპოვებული აღიარებები.
სააგენტოს ცნობით, ვიდეოფირი 2007 წლის დეკემბერშია გადაღებული ე. წ. კანონიერი ქურდის გაიოზ ზვიადაძის, იმავე „გია კუტაისკის“ სახლში, რომელიც მას ჩამოართვეს და პოლიციას გადასცეს.