საზოგადოება
ზაქარეიშვილი: „რუსეთთან ავიამიმოსვლა ის მიმართულებაა, რასაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დალაგება ჰქვია“

1_paata_zakareishviliსაქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთი მზად არის საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები განიხილოს. ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა "ზოგადად ცუდი არ არის", რადგან სწორედ ეს არის ის მიმართულება, რასაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დალაგება ჰქვია და ამასთან, საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო იოლი გახდება რუსეთში მგზავრობა. "მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი წვალობს რუსეთში ჩასასვლელად. საერთოდ, მიმაჩნია, ჯობია საქართველოს მოქალაქეებმა ნელ-ნელა სხვა ორიენტაცია აიღონ და სხვა ქვეყნებში ჰქონდეთ ბიზნესი, მაგრამ მე ვერავის ვერ ვუკარნახებ, როგორ და რა ფორმით წარმართონ თავიანთი მომავალი პერსპექტივები. თუ მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთში უნდა ჰქონდეთ ბიზნესი, ჩვენ ხელს შევუწყობთ ასეთ კატეგორიას", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

რუსული მედიის ცნობით, საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხების განსახილველად რუსეთის მზაობის შესახებ, რაც უპირველესად ავიამიმოსვლის აღდგენას ეხება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გუშინ განაცხადა.