რიჩარდ ნორლანდი: "ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ნამდვილად არ არის კრიზისი“
საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. კონგრესის სახელით გავრცელებული დოკუმენტი სენატში განსახილველად ჯერ არ შესულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. ამასთან, ნორლანდის თქმით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში კრიზისი არ შეიმჩნევა.
"ნამდვილად არ არის კრიზისი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში. კონგრესი მრავალი წლის განმავლობაში ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული პროგრესის მიმდინარეობას და, როდესაც რადარზე ამოვა რაღაც, ამ შემთხვევაში ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება, კონგრესი თავის სიტყვას ამბობს ხოლმე... აშშ-ის კონგრესი შედგება ორი პალატის: წარმომადგენლობითი პალატისა და სენატისგან. ეს დოკუმენტი წარმომადგენლობითმა პალატამ უკვე მიიღო, თუმცა სენატში ჯერ არ განხილულა, ჯერ არ არის შესული, როგორც ამერიკის კანონი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა და იქვე განმარტა, რომ მართალია, ამ დოკუმენტს წარმომადგენლობითმა პალატამ კენჭი უკვე უყარა, მაგრამ „შესაძლოა, სენატს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს და მისთვის არ იყოს მისაღები ის ენა, რომლითაც წარმომადგენლობითი პალატა საუბრობს“. ელჩის განმარტებით, ამ შემთხვევაში დოკუმენტს ე.წ. კონგრესის კონფერენციის კომიტეტს შესაჯერებლად გადასცემენ.