ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც საქართველოს მიმართ კრიტიკა გაჟღერდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 14 ივნისს 315 მომხრით 108-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული კრიტიკული ჩანაწერები კონგრესმენ მაიკ თერნერს ეკუთვნის.
“ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, ნაწილობრივ, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა, არსებითად უარყოფითი გავლენა მოახდინოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის, უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ დოკუმენტში ლაპარაკია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტზეც და წერია, რომ „ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით ამ ფაქტის ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურ თავისუფლებაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია დანიშნული".
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ განცხადებას კატასტროფა უწოდა. “შეუძლებელია, გულზე არ ვსკდებოდე, როცა ასეთ განცხადებას იღებენ, იმიტომ, რომ ჩემი თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გადარჩეს", - განაცხადა სააკაშვილმა.