აქტუალური
დავით საყვარელიძე: „საგანგაშოა, როდესაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება და ასე ბინძურად გამოყენება ხდება“

1-davit-sayvareliZeსაქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ სამალავებს ე.წ. "თალიბების ვიდეოს" გადასაფარად ჩადენილ ქმედებას უწოდებს და სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებად აფასებს.

„რახან ნამუსი არ აქვთ და გაასაჯაროვეს, რაღაც გაუგებარი და ბინძური პიარის ხელოვნურად შესაქმნელად, იძულებული ვარ გითხრათ ის, რაც პროფესიონალებმა გამანდეს: იარაღის და ტყვია-წამლის საწყობები გასულ წლებში იყო საგანგებოდ შექმნილი თავდაცვის სამინისტროს მიერ, განკუთვნილი იყო შემოვლითი გზების (ტყეების, ბილიკების) გამოყენებით სპეცდანიშნულების შენაერთებისთვის, დამტკიცებული საიდუმლო გრიფით დოკუმენტებით, რომლებიც ინახებოდა და ინახება თავდაცვის სამინისტროში. საომარი მოქმედებების დროს ეს იარაღი უნდა გამოეყენებინა სამხედრო შენაერთებს ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების დროს, იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა თავდასხმა რომელიმე სამხედრო ბაზაზე... სამწუხაროც აღარაა უკვე, საგანგაშოა, როდესაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება ხდება და ასე ბინძურად გამოყენება ისევ და ისევ ე. წ. "თალიბების ვიდეოები"-ს ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გადასაფარად. სამალავში იარაღს ჩააყარეს სუბოტექსები, დღიურები და რაღაც გაუგებარი ვიდეოფირები, რითაც დასაცინად გაიხადეს თავი ოკუპანტების წინაშე პირველ რიგში. იმ დროს როდესაც შსს დაკავებულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ თავის დასაცავად შექმნილი სამალავების ვითომდა აღმოჩენით და შიგნით სუბოტექსის ჩაყრით, იმავე დროს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ორსანტიაში გადმოდიან 14 კაციანი ჯგუფით რუსები და სრულიად დამამცირებლად ატარებენ სოფლის ჩხრეკას! რაზედაც ვღებულობთ სახელმწიფო რეაქციას "შეიძლება ითქვას, ზრდილობიანად იქცეოდნენ ოკუპანტებიო"...!!! რა იყო აქ აღმოსაჩენი, ერთი გამაგებინეთ! შეიძლება სამოქალაქო პირებისთვის ეს იყოს საიდუმლო, მაგრამ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ეს ინფორმაცია პირველივე დღიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი! სამარცხვინოა... ასე დანგრევა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის!“ - წერს საყვარელიძე.