სამართალი
შსს-მ სამეგრელოში იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინა

1-masala-mtსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწის ქვეშ შენიღბულად მოწყობილი, სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები, რომლებშიც ნაპოვნია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი, სუბუტექსი და სხვა.

ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრება, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებით,  იგეგმებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში.

გარდა ამისა, სამალავებში ნანახი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი, რომელთა შესწავლისათვის ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

1-masala-1 1-masala-2
1-masala-3 1-masala-4