საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. იუწყება პოლიტიკო.ge, დიტო ჩუბინიძე:
„როგორც იმერეთის დედაქალაქიდან გვაცნობეს, ქალაქ ქუთაისის ნომერ მე–17–ე ბაგა–ბაღში ამ რამდენიმე დღის წინათ ერთი მეტად უწყინარი, სასაცილო, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყურადსაღები შემთხვევა მომხდარა - ემიგრანტ ჩინელებს თავიანთი მცირეწლოვანი შვილი მიუბარებიათ, რომელსაც სულ ცოტა ხანში ქართულად დაუწყია პირველი სიტყვების ლაპარაკი, _ „მოდი“, „წყალი“, „მინდა“ და ა.შ.
ეს რომ ჩინელ მშობლებს შეუმჩნევიათ, ბავშვისთვის მაშინვე დაუვლიათ ხელი და სასწრაფოდ ინგლისურ ბაღში გაუქანებიათ - რად გვინდა ქართული რომ ისწავლოს, გვირჩევნია ინგლისურად ილაპარაკონო!..
რა თქმა უნდა, მშობელს ვერავინ აუკრძალავს იმას თუ სად უნდა ისწავლოს და რა ენაზე იმეტყველოს მისმა შვილმა, მაგრამ ერთი ბუნებრივი კითხვა მეც მიჩნდება, - რად გვინდა საქართველოში ის ხალხი, ვისაც ჩვენი ენა არ უყვარს და მას პატივს არ ცემს?
ისიც ცნობილი და გახმაურებული ფაქტია, რომ, მაგალითად, ხარაგაულსა და საჩხერეში დაფიქსირდა შემთხვევები, როცა იქ ჩასახლებულმა ზოგიერთმა ჩინელმა პასპორტებში გვარებად „წერეთელი“ და „გელაშვილი“ ჩაიწერეს...“