პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „რატომ ლაპარაკობენ საზღვრის, და არა სადემარკაციო ხაზის გადმოწევაზე?! და თუ საზღვარი გადმოსწიეს, სად არიან ქართველი მესაზღვრეები, ავღანეთში რომ იხოცებიან ჩვენი საუკეთესო ჯარისკაცები?!“

1-anal-redaq-arnoსაქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. “სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეს ცოლად მოიყვანს, თუ მანამდე პუტინმა მის მიმართ თავისი დანაპირები არ შეასრულა...“
ამერიკელებმა გვიღალატეს, რუსი კი ასეთ მდგომარეობაში არ დაგვტოვებდა - ამერიკა რომ დასხმოდა თავს საქართველოს, რუსეთის სტრატეგიული ავიაცია ხუთ წუთში აქ იქნებოდა!“
„ადრე მერაბიშვილს, ადეიშვილსა და სააკაშვილს გამარჯობას ვერ დაასწრებდი...“

საქართველოს დღეს არც აშშ, არც რუსეთი, არც პრემიერი და არც პრეზიდენტი არ მართავენ - საქართველოს მართავენ მოვლენები, რომლებიც მის ირგვლივ ვითარდება!“

„მსოფლიო ტერორიზმთან ამერიკამ და რუსეთმა იომონ, მთელი თბილისი ნიუ-იორკის თუ მოსკოვის ერთი დიდი უბნის ხელაა!“ - გთავაზობთ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს ჟურნალ „რეიტინგთან“.

- ბატონო არნო, საქინფორმი პირველად სკანდალში მაშინ გაეხვია, როდესაც რობერტ სტურუას ცნობილი ინტერვიუ გამოაქვეყნეთ, სადაც ის პრეზიდენტის სომხურ წარმომავლობაზე საუბრობდა.

- ჩვენ ხშირად ვეხვევით სკანდალში... არადა, სტურუას ისეთი არაფერი უთქვამს - სააკაშვილზე თქვა, რომ ეროვნებით სომეხია, რაც მეც ბევრჯერ მითქვამს და მთელმა საქართველომ იცის. რეალურად მიზეზი სხვა იყო - რობიკოს თეატრი უნდა დაეტოვებინა! მერე მონახეს აქ მცხოვრები ცუდი სომხების კატეგორია, რომლებიც ვითომ სომხობენ, არადა, გრანტებით დიდ თანხებს შოულობენ, წერილი დააწერინეს და დაუპირისპირეს! რეალურად კი, როცა წინა ხელისუფლებების დროს მართლაც რომ იყო სომხების სხვადასხვა პრობლემა გადასაწყვეტი, მაშინ მათ ხმა არ ამოუღიათ...

- ამის შემდეგ თქვენი მილოცვა გამოქვეყნდა, სადაც ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად არჩევას ულოცავდით.

- მაშინ ხალხმა მხარი დამიჭირა, მაგრამ საზოგადოების ძალიან მცირერიცხოვანი ნაწილი გაღიზიანდა. პედერასტები გამომიგზავნა სააკაშვილის ხელისუფლებამ და დღისით, მზისით რედაქციაში შემომიცვივდნენ... ერთი მათგანი აქ, ჩემს კაბინეტში შემომივარდა, თანაც - საპატრულო ეკიპაჟის თანდასწრებით! დანარჩენები გარეთ ელოდნენ.

მგონი, მერაბიშვილის გარდა, ყველა პოლიციელი მაღალჩინოსანი აქ იყო მოსული, მაგრამ ის დაქირავებული აყროლებული არამზადა „სულ ზემოდან“ ზარის მერე რიგითი პოლიციელებისთვის მოულოდნელად გამოუშვეს - მითხრეს, ბატონო არნო, თუ კიდევ მოგივარდათ, შეგაგინათ, დაგჭრათ, აი, მერე დავაკავებთო (იღიმება).

ყველა მათგანი გაშიფრული მყავს, მაშინ 200-გვერდიანი საჩივარი შევიტანე პროკურატურაში, ადეიშვილის სახელზე, რა თქმა უნდა - უშედეგოდ.

მაშინდელ ამერიკის ელჩს ჯონ ბასს ორჯერ მივწერე ღია წერილი ამ პროვოკაციის შესახებ, სამ ენაზე გამოვაქვეყნე და DHL-ით, ინგლისურ ენაზე, საელჩოში გავუგზავნე. ზუსტად მას შემდეგ ხმა აღარ ამოუღიათ, არც დაურეკავთ, არც წერილი და კომენტარი დაუწერიათ - გაფრთხილებული იყვნენ, რომ დღისით-მზისით რედაქციაში  შევარდნა, მთავარი რედაქტორის მისამართით მუქარა „არადემოკრატიულია“ და დაუშვებელი (იცინის).  

როგორც იცით, მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტებს ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება მივუძღვენი და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჯიჰადზე ვიდეოების დამზადებასაც “ПИК“-ის, „ჟურნალისტ“ ოლეგ პანფილოვის (შემოკლებით „ჟოპ“) და მისი ბიჭუნა-ბლოგერების გარეშე არ ჩაუვლია. ეს ვიდეოები სააკაშვილის შეკვეთით არის დამონტაჟებული, როგორც მოდელირებული „ქრონიკა“ შეიქმნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავარი შემსრულებელი ისევ გიორგი არველაძეა (სხვათა შორის, ეს ჩემი ვერსია პრემიერ-მინისტრმაც ირიბად უკვე დაადასტურა).

და მეორე - „ფეისბუქიდან“ შევიტყვე, რომ „ПИК“- ის ყოფილმა ფოტოგრაფმა საკუთარი კადრები იცნო, ტელეკომპანია „ПИК“-ის არქივიდან ვერავინ ამოიღებდა ამ კადრებს, „ПИК“-ის თანამშრომლების გარდა.

- გასაგებია, მაგრამ თუ კვალი მართლა მივიდა ამ ადამიანებამდე, თავს როგორ იმართლებენ?

- ვა-ბანკზე მიდიან, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და არც წასასვლელი! რაც შეეხება მიშას, ერთხელ ძალიან რომ გაუჭირდა, 2008-ში, ომი დაიწყო. ახლა უსუსური აქცია რომ ჩაატარეს 19 აპრილს, ნახეს, რომ არეულობის ძალაც აღარ აქვთ, ნატოს ჯარები რომ შემოიყვანონ საქართველოში მშვიდობისმყოფელების როლში.

თან ჩვენი პრეზიდენტი ბუნებით აფერისტია, ანტიქრისტე და არანორმალური. იცის, ჟვანია როგორ მოკლეს და იცის, რომ როდესაც ობიექტი იღუპება, ყოველთვის პირადი დაცვაა გარეული. იმიტომ გამუდმებით დგამს ამ სპექტაკლებს, რომ ვითომ კლავენ - ხან ახალი ხელისუფლებისგან ელოდება საფრთხეს და დაცვაზე უარს ამბობს, ხან კიდევ - თალიბები „ემუქრებიან“!..

- თქვენ პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზეც სკანდალურ განცხადებებს აკეთებთ.

- სოფო ნიჟარაძეს რომ მოიყვანს ცოლად? რა არის ამაში საკანდალური? თუ კაცია, აუცილებლად მოიყვანს, თანაც ის ხომ პუტინს ყველაფერში ჰბაძავს - ჰაერშიც, თვითფრინავის მართვაში, წყალში, ყვინთაობაში -  გახსოვთ, აკვალანგით რომ ჩავიდა და კინაღამ დაიხრჩო?!

მოიყვანოს, თუ მანამდე პუტინმა მის მიმართ თავისი დანაპირები არ შეასრულა (იცინის). მაგრამ ამ ლამაზი გოგოს ქმრობაც მიშასთვის პირველ რიგში პიარ-სვლა იქნება, თანაც სანდრასთან ნორმალური ურთიერთობა რომ დიდი ხანია არ აქვს - ამას მთელი საქართველო ხედავს. სანდრა მარტო იმისთვის სჭირდებოდა, რამე რომ მომხდარიყო, ჰოლანდიაში გაქცეულიყო და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო. ამასთან სანდრა მთელი ეს წლები მის ქარაფშუტობას შეძლებისდაგვარად აბალანსებდა. ახლა კი აღარ სჭირდება, რადგან ამერიკაში ბოლო ვიზიტის დროს მისცეს უსაფრთხოების და თავშესაფრის გარანტიები.

- ამის გამო არ გეშინიათ, რომ სოფო ნიჟარაძემ გიჩივლოთ?

- რატომ ინდა მიჩივლოს, რა, სააკაშვილის ცოლობა - სირცხვილია, სააკაშვილის სომხობისა არ იყოს?! ვერ მიჩივლებს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი, როგორც პუბლიცისტის ვარაუდი - სააკაშვილი ყველაფერში ჰბაძავს პუტინს და მე ვთქვი, რომ ცოლთან დაშორებაშიც მიჰბაძავს. ნეტავ, „ბაბნიკობის“ მეტი მიშას ნაკლი არ ჰქონდეს...

ისე, სააკაშვილი - ძალიან უბედური კაცია, მას ძალიან კარგი სასტარტო მოედანი ჰქონდა, ყოფით დონეზე მართლა უამრავი კარგი რამ გაკეთდა, ამის არ დანახვა არ შეიძლება, მაგრამ როდესაც მმართველი ბუნებით დარბაისელი არ არის და ბავშვობიდან დაკომპლექსებულია, როცა ინტელექტი და განათლება აკლია, საშინელ შეცდომებს უშვებს...

ბევრს ჰგონია, რომ მიშა ძალიან განათლებულია, და ეს ასე არ არის - ის ძალიან კომუნიკაბელურია, ეს კი ასეა. საბოლოო ჯამში სულ რაღაც ერთი წელი სწავლობდა ევროპაში თუ ამერიკაში, თან ერთდროულად ბიბლიოთეკაში სანდრას სიყვარულს უხსნიდა - სწავლა როდის მოასწრო?! მან მთელი განათლება საბჭოთა სკოლაში და კიევის უნივერსიტეტში მიიღო. ენებში ძალიან ნიჭიერია უდავოდ, თორემ რეალურად სიცარიელეა, ფუტლარი. ნაღდი ქალაქელიც არ გახდა, მიუხედავად ღირსეული წინაპრებისა და სანათესაოსი...

- ბატონო არნო, თქვენ საქართველოს ნატოში შესვლის წინააღმდეგი ხართ?

- რა საზღვრებით შევდივართ ნატოში, რატომ ვკარგავთ ოსეთსა და აფხაზეთს?! ან რაში გვჭირდება? მსოფლიო ტერორიზმთან კი ამერიკამ და რუსეთმა იომონ, მთელი საქართველო ნიუ-იორკის თუ მოსკოვის ერთი დიდი უბნის ხელაა! დაგვეხმარა ნატო 2008 წელს?!

და საერთოდ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს დღეს არც აშშ, არც რუსეთი  და არც ადამიანი - პრემიერი იქნება ეს თუ პრეზიდენტი - არ მართავენ. საქართველოს მართავენ მოვლენები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ  ვითარდება: სირია, ისრაელი, ირანი,  აზერბაიჯანი, სომხეთი თავის ყარაბახიანად და თურქეთი - როგორც იქ განვითარდება მოვლენები, იქიდან გამომდინარე შეიცვლება სიტუაცია საქართველოში.

- ერთგვარი ტერმინი არსებობს - პუტინისტები“...

- მე, ალბათ, მაგ სიაში პირველ ადგილზე ვიქნები. არაერთხელ დამიწერია, რომ ის თანამედროვეობის ნომერი პირველი პოლიტიკოსია მსოფლიოში. ჩვეულებრივი უშიშროების ოფიცერი უდიდესი ქვეყნის პირველი პირი გახდა საკუთარი ნიჭით!

- გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანმა ომი გამოგვიცხადა და საქართველომ ტერიტორიები დაკარგა...

- ვინ დაიწყო მერე ომი?! სააკაშვილმა! ეს პროქტოპოლიტოლოგები რომ გვყავს კიდევ, სოსო ცინცაძის თამადობით, ნატოზე წიგნი რომ დაწერა... პროვოკაციები ხომ მათი პროფესიაა, პროპაგანდა კი - პროვინციელი პოლიტიკური  პროსტიტუტების  ბიზნესი. პროფესიონალი მლიქვნელები,  მათი უკანა ზრახვები საკუთარ უკანალზე ფიქრით არის ნაკარნახევი, რომლითაც ისინი ზუსტად გრძნობენ ოკეანისგაღმელი პატრონების სურვილებს და, მათ საამებლად,  უკანა  რიცხვით,  უკუღმა განმარტავენ ნებისმიერ მოვლენას, რისთვისაც ამ ვიგინდარებს მე პროქტოპოლიტოლოგები (ბერძნ. proktós-დან - უკანა ხვრელი) ვუწოდე. პოლიტიკის პროქტოლოგები, ისინი ნებისმიერ ხელისუფლებას ულოკავენ უკანალს - შევარდნაძეს, სააკაშვილს, ივანიშვილს, მაგრამ შეცდომები და “პროკოლები“ უეჭველად მიიყვანს მათ პოლიტიკურ პროზექტურამდე!
„პუტინმა აღიარა, რომ დიდი ხანია ემზადებოდნენ ომისთვისო!“ - ამბობენ ისინი. ერთი მითხარით, თქვენ რომ იცოდეთ, რომ მეზობლად გიჟი ცხოვრობს და ოთახი გატენილი აქვს იარაღით, დადის იმ ოთახში და იარაღს აჩხაკუნებს, ერთ სანადირო თოფს მაინც არ დადებთ კართან?! დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - მალე ეს ვაი-ექსპერტები რიგში ჩამწკრივდებიან ვაკეში, რუსეთის საელჩოსთან, ტორტებით ხელში!..

- ფაქტია, რომ ომს უბრალო ადამიანები ეწირებიან...

-  რა თქმა უნდა, მაგაშია მთელი უბედურება, სააკაშვილმა იცოდა, რომ წააგებდა, მაგრამ ავანტიურისტია - იფიქრა, პეკინის ოლიპიური თამაშების დროს რუსეთი ამ პაწია ცხინვალისთვის თავს არ შეიწუხებს, სახელს არ გაიფუჭებს და შემრჩებაო! თან ამერიკელებმა გვიღალატეს, რუსი კი ასეთ მდგომარეობაში არ დაგვტოვებდა - ამერიკა რომ დასხმოდა თავს საქართველოს, რუსეთის სტრატეგიული ავიაცია ხუთ წუთში აქ იქნებოდა!

- ივანიშვილის გაპრემიერების შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დათბებოდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ საზღვრები კიდევ გადმოსწიეს.

- რატომ ლაპარაკობენ საზღვარის, და არა სადემარკაციო ხაზის  გადმოწევაზე?! და თუ საზღვარი გადმოსწიეს,  სად არიან ქართველი მესაზღვრეები, ავღანეთში რომ იხოცებიან ჩვენი საუკეთესო ჯარისკაცები?!

არაფერი გადმოუწევიათ, ისინი აღადგენენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო - ჩადით, ჰკითხეთ იქაურ მოსახლეობას, გნებავთ, ვიდეოჩანაწერი გაჩვენოთ?

- თუმცა, ასეთი რუკა არ არსებობს.

- ბევრი რუკა არსებობს... რომელ ქვეყანასთან გვაქვს საზღვარი დადგენილი - დელიმიტირებული?!  რუსებთან გვაქვს ზემო ლარსზე, სომხეთთან თუ აზერბაიჯანთან?! ვილაპარაკოთ ჩვენს ეკლესიებზე, მონასტრებზე, ან კიდევ რუკებზე თურქულ სახელმძღვანელოებში, სადაც ბათუმი თურქეთის ტერიტორიაზეა?! ამაზე რატომ არიან ჩუმად, რომ საზღვრები მართლა გადმოწეულია?!

- პუტინს პირადად შეხვედრიხართ?

-  არა, მაგრამ კონფერენციებს დავსწრებივარ, სადაც სიტყვით გამოდიოდა. მე შევხვედრივარ პუტინის ადმინისტრაციის, სამმართველოს უფროსებს, კარასინს, რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს, ნამდვილ პოლიტოლოგებს, მეცნიერებს და რუსული მედიის ხელმძღვანელებს. გენშტაბის უფროსთან, არმიის გენერალ ბალუევსკისთან ჯერ კიდევ თბილისიდან თბილი ურთიერთობა მქონდა, ინფორმაცია ამ შეხვედრების უმეტესობაზე ჩემს პირად საიტზე დევს arnoxidi.com.

სხვათაშორის, კარასინს ჭკუა ეკეტება საქართველოზე. ძალიან თბილი კაცია, ორი საათი ვესაუბრებოდი და ამის მოწმეებიც არსებობენ, თუ რაზე ვსაუბრობდით.

პუტინის ბოლო ინტერვიუ ნახეთ, რა სიყვარულით ლაპარაკობს საქართველოზე და ქართველ ხალხზე, როგორ შედის ჩვენს მდგომარეობაში და როგორ დელიკატურად გვიჩვენებს ჩიხიდან გამოსავალს!

- სააკაშვილს თუ იცნობთ პირადად?

- სააკაშვილი შემიყვარდა, როგორც ჩემი ცხრაწლიანი პუბლიცისტიკის მთავარი გმირი... მისი ბუნება ჩინებულად შევისწავლე, ამიტომ არასდროს ვცდები პროგნოზებში, თუ როგორ იმოქმედებს, რას იტყვის და რა მორიგ სისულელეს ჩაიდენს. ქართულ  ჟურნალისტიკაში ახალი ჟანრიც შევქმენი - „ათი შეკითხვა პრეზიდენტს“ გაზეთ „ასავალ-დასავალში“.

ისე, ადრე მერაბიშვილს, ადეიშვილსა და სააკაშვილს გამარჯობას ვერ დაასწრებდი. მახსენდება ერთი ეპიზოდი, როცა „მოქალაქეთა კავშირის“ გენერალური მდივნის, ედუარდ სურმანიძის აპარატის უფროსი ვიყავი. ჟვანია ყოველ წელს ბორჯომში კომპოზიტორთა სახლში საქართველოს მასშტაბით პოლიტსემინარებს ატარებდა. იქ ჩამოდიოდა მმართველი პარტიის ძირითადი ბირთვი, მათ შორის გამხდარი ყმაწვილი დიმა შაშკინი ფოტოაპარატით ხელში (იცინის). პირველ დღეს პარტიული აქტივი სემინარებზე იკრიბებოდა, მეორე დღეს კი მთელი საქართველოს გამგებლები და რწმუნებულები ჩამოდიოდნენ.

პირველ დღეს რომ ჩავედით, როგორც აპარატის უფროსმა, ყველა დავაბინავე, მერე ყველა საქეიფოდ წავიდა და მე, გადაღლილმა, ჩემს ნომერში დავიძინე. თურმე ღამის 11 საათზე, სამსახურის შემდეგ, მერაბიშვილი ჩამოვიდა და ნომერი არ დახვდა. ჩემზე უთხრეს, რომ გამაღვიძებდნენ. გაგიჟდა, რას ლაპარაკობთ, კაცს სძინავსო! შევიდა მელიქ რაისიანის ნომერში და იქ დაიძინა. დილას აივანზე რომ გავედი, მეზობელ აივანზე მელიქა და ვანო სიგარეტს ეწეოდნენ. ვკითხე, რატომ არ გამაღვიძა, მისთვის ნომერი მქონდა დატოვებული და -  არა, როგორ გეკადრებათო! შემდეგ, ალბათ, ძალაუფლებამ გააგიჟა...

ამიტომ კარგად იციან, ვინ ვარ. რაც მე საზღვარგარეთ კრიტიკით გამოვსულვარ, ალბათ სხვას ჩემს ადგილას 100-ჯერ მოკლავდნენ, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი ზემოაღნიშნული შემთხვევა იყო, რომ ვიღაც ბინძურის ხელებით შეეცადნენ პროვოკაციაზე ჩემს წამოგებას. იყო კიდევ ორი თავდასხმა, სასტიკად მკლავდნენ, სასწაულად გადავრჩი, მაგრამ პირველისგან განსხვავებით, მტკიცებულებები ჯერ არ მაქვს და სააკაშვილის ხელისუფლებას ხელს ვერ დავადებ.

- როგორ ვერ გაეხვიეთ ერთხელ მაინც ისეთ სკანდალში, რომ დაეპატიმრებეთ?

- იციან, რომ მათგან განსხვავებით, სუფთა პიროვნება ვარ და საქართველოსთვის სისხლი არაერთხელ დამიღვრია... ხანდახან მოსკოვიდან რომ ჩამოვსულვარ, ვიღაცებისთვის უმაღლეს დონეზე დამირეკავს - კი მაგრამ, არ გაინტერესებთ, ვის შევხვდი, რა ველაპარაკე და რა მიპასუხეს?! რას ფიქრობენ თქვენზე, საქართველოზე?!

ან იქაც ხალხი ჰყავდათ და უჩემოდაც იცოდნენ, თუ რა გავაკეთე და რა ვილაპარაკე, ან ფიქრობდნენ - ეს იმდენად გიჟია, რომ აზრი არ აქვსო, მაინც გამოაქვეყნებს ორ ენაზე დაწვრილებით! (იცინის)

- ბიძინა ივანიშვილზე რა აზრის ხართ?

- ახლა ის არის ჩემი მთავარი გმირი. რთული და ძლიერი პიროვნებაა, გაჭირვებული ბავშვობა და ყმაწვილკაცობა ჰქონდა. მეც მიშრომია ხელით ახალგაზრდობაში და ვიცი, ეს რა არის... ამის შემდეგ ამდენს რომ მიაღწევ და მილიარდერი გახდები რუსეთში, კაცურად და კორექტულად, ეს მართლაც ერთეულების გზაა! „ანაკონდა“ ამიტომ დაარქვეს რუსეთის ბიზნეს-წრეებში, რომ პირდაპირ ყლაპავს მოწინააღმდეგეს. რევანშის შანსს არ გიტოვებს!

- მინისტრთა კაბინეტი შეაფასეთ.

- იქ არიან ბრწყინვალე ფიგურები, მაგრამ მაია ფანჯიკიძე სამარცხვინოა! რომ ამბობს, ჰიტლერი და სტალინი ერთიაო, ამის მერე რა უნდა ელაპარაკო...

- როგორ ხედავთ სააკაშვილის მომავალს?

- საკაშვილს მომავალი არ აქვს, ის არა მარტო პოლიტიკურად ბანკროტია... ბავშვები მეცოდება -  უფროსი შვილი გაგზავნა ამერიკაში სტრატფორის კოლეჯში, სადაც უამრავი ლგბტ-ს წარმომადგენელი სწავლობს და მათ მიჰყავთ „პარადი“... მის ბავშვებთან რა საქმე მაქვს, მაგრამ რომ წერენ, ედუარდი წავა და ედიჩკა ჩამოვაო, გგონიათ, მსიამოვნებს?!

- მითხარით, რომ საქართველოს გადარჩენის თქვენი ხედვა გაქვთ, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება.

- დიახ. პირველი პუნქტით, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს და ის უნდა იყოს ახალი სახე, რომელიც თავის თავზე აიღებს ურთიერთობების მოგვარებას რუსეთთან, აფხაზებსა და ოსებთან. ლონდონსა და ნიუ-იორკში კი არ უნდა იაროს, არამედ ცხინვალში, ვლადიკავკაზში, მოსკოვსა და სოხუმში.

რაც შეეხება მეორე პუნქტს - ეს არის ჩემი ფორმულა „საქართველო პლუს რუსეთი უდრის საქართველო პლუს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“. ჯერ კიდევ 2010 წელს დავწერე, რომ საქართველო და რუსეთი ერთ შენგენ-სივრცეში უნდა გაერთიანდნენ და მე მას ახალი ევროპული კავშირი დავარქვი. მოგვიანებით პუტინმა ევრაზიული უწოდა. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე კარგი გზა.

და მესამე - საგარეო კურსი თუ არ შეიცვალა, კონცერტებითა და ღვინის გაყიდვით ვერაფერი მოგვარდება. აუცილებლად უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი (და არა პლებისციტი, ანუ გამოკითხვა, როგორც 2008 წლის 5 ინვარს!) - უნდათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ნატოში შესვლა? ვკითხოთ აფხაზებსა და ოსებსაც, თუ მათ საქართველოს მოქალაქეებად და ტერიტორიებს - საქართველოდ ვთვლით!

ხალხის უმრავლესობა თუ იტყვის - არა, ივანიშვილი დაურეკავს ამერიკელებს და იტყვის რომ აი, არ უნდათ, და რა ვქნა... ამით დამთავრდება და არავის ვაწყენინებთ.

ესაუბრა ნანა გიგიშვილი.