სამართალი
შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული პირები სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდნენ

1-ter-aktiსაქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ვერტმფრენების კომპანია „თუშეთის“ მფლობელის ზაურ ქორთოშიძის ახლობლები იმის შესაძლებლობასაც კი გამორიცხავენ, რომ ტერაქტის მცდელობაში ბრალდებული მიქაელ კადიევი და რიზვან ომაროვი ქორთოშიძეების სახლში ცხოვრობდნენ. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს დამნაშავეთა კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების დასადგენად.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიევი და ომაროვი ვერტმფრენების კომპანიის მფლობელის სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც ამასთანავე მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მფრინავის შამილ ქორთოშიძის ძმაა, შსს-მ მათი დაკავების შემდეგ დაადასტურა.

პრეზიდენტის სახელთან ტერაქტების დაკავშირებას პროვოკაციად აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი. მისი განცხადებით, კომპანია „თუშეთი“ დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც დაქირავებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ, ეს სამსახური კი უკვე პრემიერის დაქვემდებარებაშია. ბარნოვის შეფასებით, არ არის გამორიცხული, ამ აჟიოტაჟით სურდეთ მუქარის შემცველი კლიპების წარმომავლობის გადაფარვა, რადგან ეს ვიდეოები, ბარნოვის აზრით, შესაძლოა სწორედ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებზე მიუთითებდეს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ, გამთენიისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომზადების სტადიაზე აღკვეთა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა და თბილისში დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიქაელ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.