ბიზნესმენი ჩივაძე საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს
საქართველო, 14 ივნისი,
საქინფორმი. ბიზნესმენი
ბუბა ჩივაძე საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცხადებს და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობის წინ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადი დოკუმენტის დახევას აპირებს. ჩივაძის განცხადებით, მას არ სურს იმ სახელმწიფოს მოქალაქე იყოს, სადაც მისი უფლებები ირღვევა.
"ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურმა მრჩეველმა კახა ქორიძემ ჩემი ბიზნესი წამართვა და დღემდე სამართალს ვითხოვ. სამი წლის განმავლობაში პროკურატურის მიერ არცერთი მოწმე არ არის დაკითხული, არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, არადა, სამი წლის განმავლობაში გვატყუებდნენ, რომ საქმე მალე დასრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ვითომდა ახალი კადრებით დაკომპლექტდა, დღემდე საქმე თაროზეა შემოდებული, არადა, ყოველდღე ველოდები გამოძიების საბოლოო შედეგს. დღეს პროკურატურა უმოქმედოა", - აცხადებს ბუბა ჩივაძე.