პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით

1-Sagareo-saqmetaსაქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო  საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე ''აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ'' მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს დევნილთა საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე.

რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.

…საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების შესახებ”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.