პუბლიკაციები
საერთაშორისო ისტორიზმის, ანუ ქართულ ყულაბაში “რუსული” დოლარების შესახებ

Money-transferსაშემოდგომო ნათესების სივრცეებში მოძრავი ტრაქტორების ფონზე იდგა იგი, შილიფად, საზაფხულოდ ჩაცმული და სასოფლო-სამეურნეო კონკრეტიკის ჟანრში ახმოვანებდა მაგისტრალურ გზებს, რომლებიც ხვალინდელ აგრარულ კეთილდღეობამდე მიგვიყვანს.

უფრო ადრე კი, დასავლეთ საქართველოში მარცვლეულის პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, ნიკიტა ხრუშოვმა უხვად დაგვათესინა ამერიკულივე ჯიშის სიმინდი, მაგრამ გაზაფხულისთვის ის თესლი მიწიდან არც ამოწვერილა.

გიხაროდენ! 2010 წლის სექტემბერში, შარშანდელ შემოდგომასთან შედარებით რუსეთიდან საქართველოში გადმომისამართებულმა ფულადმა გზავნილებმა 5,8 მილიონით იმატა და საერთო ჯამში თითქმის 50 მილიონს მიაღწია. 9 თვის განმავლობაში კი საქართველოში “გადმოიქაჩა” 420 მილიონი “რუსული” დოლარი.

ეტყობა, რომ 2008 წლის რეკორდი, 635 მილიონამდე დოლარი, თუ ვერ გაუმჯობესდება, მიუახლოვდება უეჭველად. მით უფრო, რომ ეს “მწვანის” მხოლოდ ფიქსირებული “გადმოსხმაა”, რადგან შემოვლითი არხებით, ხელიდან ხელში რუსეთიდან საქართველოში შემოსული დოლარების ოდენობა მილიარდს აჭარბებს, რაც პარლამენტისთვის წარდგენილი 2011 წლის ბიუჯეტის (საშემოსავლო ნაწილი - 5,905 მილიარდი ლარი, ხარჯვითი ნაწილი - 5,707 მილიარდი ლარი) ერთ მესამედზე მეტია. ამასთან, ეს თანხა არც ცენტრალიზებულად ნაწილდება, არც აღირიცხება. მისი მიზნობრივი დანიშნულებაა გაუუმჯობესოს მოქალაქეებს ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი პირობები, ანუ გააკეთოს ის, რისი ქმნაც ჩვენს სახელმწიფოს არ ხელეწიფება. ეს “ფულის ხიდი” რომ არა, რომელიც 200-წლიან ისტორიზმს, შემდეგ კი სახელმწიფოთაშორის სამოკავშირეო ურთიერთობებს ეფუძნება, ძნელი წარმოსადგენია, როგორი შევიდოდა საქართველო დღევანდელ მსოფლიოში. და, საერთოდ, იარსებებდა კი “ეროვნული მოძრაობა” დღევანდელი სახით, რომელმაც “დიდ საქმეთა” ესტაფეტა წინა ხელისუფალისგან მიიღო?

პარტიულმა და სამეურნეო ფუნქციონერებმა დემოკრატიის დროშის საფარქვეშ ზემოთ ნახსენები ფულის ხალხის ჯიბიდან ოსტატურად ამოცლა ისწავლეს: არნახულად ძვირი სამედიცინო მომსახურებითა და ასეთივე ძვირი წამლებიდან დაწყებული, გაზზე, ელექტროენერგიაზე, წყალზე, ნაგვის გატანაზე “ევროპული” ტარიფებით, საწვავზე გაუმართლებლად მაღალი ფასებით დამთავრებული. ასე რომ, ახლობლების, ნათესავების, ნაცნობების რუსეთიდან სოლიდური შემოწირულობების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დიდ სიღატაკეში ცხოვრობს, რადგან ვირტუოზულად ითვისებენ არა მარტო შემოდინებულ ფულს, არამედ ადგილზე გამომუშავებულსა და სანათესავო-საოჯახო “ჰორიზონტალზე” გასანაწილებელსაც. განვლილი არასრული ორი ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ფორმით დემოკრატიული, შინაარსით ანტიდემოკრატიული “მრუდე სარკეების სამეფო”, რომელშიც აცხადებენ ერთს, აკეთებენ მეორეს და განსახორციელებლად გვთავაზობენ აბსოლუტურად განსხვავებულს - წარმოუდგენელს...

დავიწყოთ თუნდაც შემოთავაზებული მეგაპროექტით, კოლხეთის ჭაობების დაშრობით. ბატონმა პრეზიდენტმა ახლახან განაცხადა, რომ საქართველოში არ უნდა იყოს გაცდენილი მიწა. ამ მიზნით აპირებენ, შეუტიონ კოლხეთს, უზარმაზარი “გასაიდუმლოებული” სამეურნეო მოზაიკის ფრაგმენტად წარმოუდგენიათ.

სავარაუდოა, რომ შეტევა 2012 წელს დაიწყება. ისღა დაგვრჩენია, რომ შევძახოთ “ვაშა!” და გავიხსენოთ, რომ სახნავ-სათესი ფართობები ჩვენს ქვეყანაში წლითი წლობით მცირდება და იმპორტული საქონლის მრავალფეროვნებას ემატება ხახვი, ნიორი, ხილი და ლობიოც კი ჩაისთან ერთად. ანუ ის ყველაფერი, რაც უკეთეს დროში ჩვენ თვითონ მოგვყავდა და რაც ჩვენს ბაზრებში ქრონიკულ დეფიციტად წარმოგვიდგება.

 

მარსზეც აყვავდება ვაშლის ხეები

 

სოფლის თემატიკას პრიორიტეტულად და მომაბეზრებლად ხშირად ატრიალებდნენ ჩვენს მასმედიაში.

ფუნისა და შემოდგომის კვამლის სურნელება იფრქვეოდა კახეთის ველებზე, სადაც საშემოდგომო ნათესების სივრცეებში მოძრავი ტრაქტორების ფონზე იდგა იგი, შილიფად, საზაფხულოდ ჩაცმული და სასოფლო-სამეურნეო კონკრეტიკის ჟანრში ახმოვანებდა მაგისტრალურ გზებს, რომლებიც ხვალინდელ აგრარულ კეთილდღეობამდე მიგვიყვანს. ამჯერად საჩვენებელ მაგალითად გამოიყენებდა მაღალმოსავლიან ამერიკული ჯიშის ხორბალს, რომელიც “მისი უდიდებულესობის” თანდასწრებით ითესებოდა. ხოლო დირექტივა, რომლისგანაც ყურადღებადქცეულ აუდიტორიას ყბა ჩამოუვარდა, ასეთ “დესერტად” გაჟღერდა: ჩემი საპრეზიდენტო ვადის დამთავრების დროისთვის, დაგვაიმედა მან, ვაწარმოებთ ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის 35-40 პროცენტსო.

დარგის სპეციალისტების გამოანგარიშებით, საქართველო მოიხმარს 800 ათას ტონა ხორბალს, ჩვენ თვითონ კი მხოლოლდ 15 პროცენტს ვაწარმოებთ. ასე რომ, გვპირდებიან 200-250 ათას ტონა მარცვლეულს, რაც, ამათ რომ უსმინო, ჩვენი კოლხიდური გაქანებისთვის წვეთია ზღვაში. ოდესღაც არწივის მართვენი, ახლა კი ადგილობრივი მნიშვნელობის არწივებად ქცეული ყოფილი “არტეკელები”, “მუდამ მზად არიან” გმირობის ჩასადენად და იმისთვისაც კი, რომ უზრუნველყონ მარსზე, რომლისკენაც ხელი არ მიგვიწვდება, ვაშლის პროგრესი... ახლა კი ხორბლით ვართ უაღრესად დაკავებულნი...

თუმცა უფრო ადრე სერიოზული კურიოზი გადაგვხდა თავს ამერიკულივე ჯიშის სიმინდთან დაკავშირებით. უხვად დაგვათესინეს ეს ჯიში დასავლეთ საქართველოში მარცვლეულის პრობლემის გადაწყვეტის მიზნით. ცენტრალიზებული წესით ვიძენდით მაშინ ელიტურ თესლს იმ დროის აგრარული აქტივისტებისგან. მაგრამ გაზაფხულისთვის ის თესლი მიწიდან არც ამოწვერილა. მართალია, სადღაც რაღაც კი მოიწიეს, მაგრამ არა რეკორდული ცენტნერები, როგორც სამხრეთელებს შორეულ საბჭოთა ხანაში მესიმინდე გენერალური მდივანი ხრუშჩოვი გვპირდებოდა.

ამბობენ, რომ ყველაფრის შემდეგ ჩვენს ყანებში მანამდე არარსებული მავნებლები გაჩნდნენ, დაუმარცხებელი მარცვლეულის ჩრჩილი.

ზღვისგაღმიდან შემოტანილი თესლი კი არის გზა პროგრესისკენ, მაგრამ მათ წარმოების თავისი სპეციფიკა აქვს. ჯერ ერთი, ისინი უმეტესად ერთჯერადი მოხმარებისაა - მომდევნო პოპულაციაში მაღალ მოსავალს აღარ იძლევა. მეორე, “იმ მხარეშიც” არიან ისეთები, ვინც არაკონდიციურ, ჩაწოლილ საქონელს ასაღებენ. ასე რომ, დღეს სერტიფიკაცია ყველა შემთხვევაში აუცილებელია. მის გარეშე კი საწარმოო ექსპერტის არსი გაირკვევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი, ძველი ყაიდის ხელმძღვანელი გარდაიქმნება პრემიერ-მინისტრად - ახალი ყაიდის ხელმძღვანელად. ლათინურამერიკელი დიქტატორის მსგავსად, “უზის” ავტომატით ბალიშის ქვეშ.

ერთი სიტყვით, სადავოს ნუ გავხდით კარგ იდეებს, რომლებიც მოსავლის გაზრდას გვპირდება. ისევე, როგორც აგრარულ იმედს, რომელსაც ჩვენი "პირველი" და მისი თანამებრძოლები მეცნიერ-აგრონომებზე ამყარებენ. რომლებიც მასობრივად გადამზადდებიან მცხუნვარე ეგვიპტეში, როგორც ოდესღაც ჩვენი თანამემამულენი - მამლუქობის კანდიდატები. ისინი, როგორც მათ ერქვა, ჩამოყალიბდებიან მაღალგანათლებულ სპეციალისტების ელიტად ეგვიპტური დიპლომებით და ააღორძინებენ ქართულ სოფლის მეურნეობას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ნილოსის დაბლობი ჯერ კიდევ ფარაონებამდელი დროიდან გამოირჩეოდა მარცვლეულის საჩვენებელი მეურნეობრიობით, კერძოდ, ხორბლის მოყვანით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თუმცა არის სხვა ხასიათის უმრავი მაგალითი, როცა ერთ საბჭოთა მეურნეობაში სამი აგრონომის მოღვაწეობა (საბჭოთა პერიოდის არცთუ სპეციალისტებისა) სულაც არ იყო საკმარისი პირობა მაღალი მოსავლის მისაღებად. და, უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ არცთუ იშვიათად (ისევე, როგორც ამჟამად) სამეურნეო ხელმძღვანელებად მოკალათებულები იყვნენ პარტიული ფუნქციონერები, ჩვენი “უპირველესის” ზოგიერთი ეკონომიკური ფავორიტის მსგავსად, სანიმუშო საჩვენებელი პარტიული განსწავლულობითა და სპეციალური განათლებით.

მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, რომელ ჯანმრთელ ხელმძღვანელს დაებადება აზრი დღევანდელ, ყოველმხრივ სავალალო აგრარულ ეტაპზე საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების სამრეწველო გაშენების შესახებ ან მშობლიური მენუშეობის ინდუსტრიალიზაციის შესახებ? მაშინ, როცა ჩვენი დღევანდელი აგრარული რეალობა სრულიად სხვა ხასიათისაა - მისი ფეხზე დაყენება ძნელად წარმოსადგენია, რადგან არც პოტენციური, არც კინეტიკური ენერგია არ გააჩნია. უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ჩვენი ინდივიდუალური მწარმოებლების მასა ბედის ანაბარაა მიგდებული და საკუთარი შეხედულების მიხედვით ფართხალებს საბაზრო ფერმერული მეურნეობრიობის მღვრიე წყალში, რომელიც კიდევ ას წელიწადს განწირულია, წვრილმესაქონლეობად დარჩეს, დანაშაულებრივი (სხვაგვარად ვერ იტყვი), პარტიული ხასიათის აგრარული პოლიტიკის “წყალობით”.

ბატონ “ნაციონალებს” არ აწყენდათ იმის ცოდნა, რომ აგრარული სექტორი ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც კი დოტირებულია სახელმწიფოს მიერ, რომელიც მას სტრუქტურულად უკეთებს ორგანიზებას და წარმართვას. ძნელი წარმოსადგენია, რომ ფერმერული მეურნეობის დონეზე შეიძლება გადაწყდეს დარგის მიმართულების საკითხები და, რაც მთავარია, უკვე წარმოებულის სარეალიზაციო გარანტირების ან წარმოების დაზღვევის პრობლემები. ეს არის უპირველესი სტრუქტურული ჰორიზონტალები, რომელთა გარეშე აგრარული სფერო განწირულია ერთ წერტილზე გაყინვისთვის და ვერასოდეს ასცდება წვრილსამეურნეო წარმოების დონეს. თანაც უმუშევრობის მრუდს წარმოუდგენლად მაღალ დონეზე დატოვებს.

არასერიოზულია ლაპარაკი 40 მილიონ ლარზე, რომელსაც ახალი ბიუჯეტი მომავალ წელს წარმართავს აგრარულ მეურნეობაში. თანხის ეს რაოდენობა სასტარტო დოპინგის როლსაც ვერ შეასრულებს საწარმოო სისტემის აქტივიზაციის საქმეში, რადგან არ არსებობს ერთიანი სტრუქტურა, არ არის სისტემა და, რაც მთავარია, ცენტრალიზებული ერთიანი დამოკიდებულება თემისადმი. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, გამოსაყოფად დაგეგმილი სახსრები ადრესატამდე მიაღწევს, უშედეგოდ გაფანტვა და საკვანძო საკითხების მოუგვარებლობა ემუქრება.

 

 

ჩვენ არ ვართ მონები, მონები არ ვართ ჩვენ

 

ამბობენ, რომ რუსეთის უკანასკნელმა მეფემ ნიკოლოზ II-მ არ გაწირა საქართველო კოლონიური კულტურისთვის - მეჩაიეობისთვის, “თავისუფალ დემოკრატიულ იმპერიაში”, სადაც მონები, აბორიგენები კი არა, არამედ თავისუფალი ხალხები, მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომები ცხოვრობენ, მეჩაიეობის ადგილი არ არის.

მეჩაიეობა და მეციტრუსეობა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წლებში განვითარდა, თუმცა ჩაის პირველი პლანტაციები გაშენდა ჩაქვში ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს.

ახლა ბევრს ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ სტალინი თითქოს არ იყო ქართული ეთნოსის წარმომადგენელი, თითქოს მისი ფესვები “სხვა ბოსტანშია” გადგმული. მაგრამ აზროვნების თავისებურებით, გენეტიკური სტრუქტურით იგი ჭეშმარიტად ქართველი იყო. მეფური სიუხვით გამორჩეულ საჩუქრად უძღვნა საკუთარ სამშობლოს იოსებ ბესარიონის ძემ მეჩაიეობა და მეციტრუსეობა, როგორც “მრავალჯერადი გამოყენების” დარგები, რისთვისაც ფულის მილიარდიანი ნაკადები წარიმართა საქართველოსკენ საკავშირო ბიუჯეტიდან. საერთო საკავშირო მზის ქვეშ აყვავდა ჩვენი სამშობლო; ცხოვრობდა საბჭოთა სტანდარტების მიხედვით, არცთუ ცუდად და აწარმოებდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს სწორედ აგრარული დანიშნულების პროდუქციას.

რისთვის დაგვჭირდა ეს დახავსებული ისტორიზმი? მხოლოდ იმის გასახსენებლად, თუ რა მოუტანა საქართველოს “ორასწლიანმა მონობამ”. თუნდაც იმის გასახსენებლად, რომ ჩვენმა ქრისტიანმა ერმა, რამდენიმე ასეული ათასიდან ხუთ მილიონამდე მიაღწია საბჭოთა წყობილების დასალიერს. ეს ერთი. მეორე - იმისთვისაც, რომ შეიქმნა, საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობების, მაგრამ მაღალტექნიკურად აღჭურვილი სასოფლო მეურნეობები.

იმპერიის “ფარდის დაშვების” წინ წარმოიქმნა დამამუხრუჭებელი ფაქტორები, რომლებიც დასავლეთის შემოტევაში, ერთის მხრივ, და, მეორე მხრივ, უნიჭო პარტიული ხელმძღვანელების მიზეზით შეიქმნა. მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ უკვე სამი გენერაციის შთამომავლებმა ვერ შეძლეს საზოგადოების საკეთილდღეოდ წარემართათ დაგროვებული სოციალური სიმდიდრე. თუ კაპიკის ღირებულების ვაუჩერებს არ ჩავთვლით, ყველაფერი გაიძარცვა, გაიქურდა, დაინგრა და ქარს იქნა გატანებული.

მხოლოდ სოციალისტური ჯართის ნარჩენები არჩენს ზოგზოგებს. და კიდევ “რუსული” დოლარები, რომლის ნაკადები, რომლებიც ადასტურებს არა მხოლოდ ეროვნული ხასიათების, კულტურათა ურთიერთშეღწევადობასა და ურთიერთგამდიდრებას, არამედ ჩვენი მხარის ისტორიული არჩევანის სისწორეს. პოლიტიკურ ორიენტაციათა უაქტიურესი კორექტირების მიუხედავად, იგი (ეს ორიენტაცია) უმეტესად მიუღებელი რჩება წარსულისა და უწინდელი ისტორიული მოკავშირეებისადმი მოდელირებული სიძულვილის დანერგვის თვალსაზრისით. ასე იმიტომ ხდება, რომ არაკონსტრუქციულ სახელმწიფო მმართველობას ამ შემთხვევაში უპირისპირდება რუსეთში მომუშავე ქართული ყოფითი ელემენტი, ანუ - თვით რეალური ცხოვრება. კავშირები ფართოვდება და ღრმავდება, ამჟამინდელი პოლიტიკური ურთიერთობის სირთულეთა მიუხედავად.

ცნობისთვის: ექსპერტთა შეფასებით, რუსეთიდან დსთ სხვადასხვა ქვეყნებში წარიმართება 20 მილიარდზე მეტი “რუსული” დოლარი, საბანკო სისტემით აღურიცხავი ოდენობის ჩათვლით - 40 მილიარდზე მეტი.

რუსულ პრესაში გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “იზრდება გადარიცხვების მოცულობა არა მარტო დსთ ქვეყნებში (პლიუს 851 მილიონი დოლარი II კვარტალში), არამედ შორეულ უცხოეთშიც (პლიუს 725 მილიონი დოლარი). ბრუნვა მცირედ აღემატება 2009 წლის მონაცემებს, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2008 წლის მოცულობას (52 მილიარდი დოლარი)”. ესეც მაგალითია მეფისდროინდელი და საბჭოთა ისტორიზმისა იმ სცენარის მიხედვით, რომელიც ოდესღაც შემუშავებული კავშირების მიხედვით დღევანდელ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების საფუძველშია ჩადებული და დღესაც მოქმედებს. საბედნიეროდ, ეს კავშირები თავისთავად, ყველაფრის მიუხედავად არსებობს და ვითარდება პარტიულ-პოლიტიკური მითითებების გარეშე.

ამიტომ ლოგიკური იქნება, როცა “ნაციონალების” დროშებს ცვლილებათა ქარი ააფრიალებს, აღდგება უწინდელი გამონათქვამებიც და ურთიერთობაც. ჩვენთვის ეს არის დაკარგულ ბაზარზე უპრობლემოდ დაბრუნება, ექსპორტის რამდენჯერმე გაზრდა და მრავალი ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტა.

საქინფორმი