აქტუალური
„თავისუფალი საქართველო" პრემიერ-მინისტრს დიალოგის წინადადებით მიმართავს

1-akt-kukaსაქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. უკანასკნელ პერიოდში წამოიჭრა არაერთი მწვავე საკითხი, რომელთა გამო "თავისუფალმა საქართველომ" მკაცრად გააკრიტიკა ივანიშვილის ხელისუფლება - ავღანეთში საქართველოს სამხედრო მისია, ქართული მიწების გაყიდვა უცხოელებზე, გეი-აღლუმის ჩატარება, კოაბიტაციის პოლიტიკა, სასამართლო რეფორმის კრახი და ა.შ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების კრიტიკა დემოკრატიის აუცილებელი ატრიბუტია და ვფიქრობთ, ასეთი კრიტიკა აუცილებელია თავად ხელისუფლებისთვის. იმავდროულად საზოგადოებას შევახსენებთ რომ არაერთხელ დაგვიჭერია მხარი ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე უფრო დაძაბულ პერიოდში - 2012 წლის 1 ოქტომბერს, აგრეთვე არაერთხელ შეგვიფასებია დადებითად დღევანდელი მთავრობის ცალკეული მინისტრები, რომელთა ქმედებებიც ამის საფუძველს იძლევა.

სამწუხაროა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ჩვენი კონსტრუქციული კრიტიკა არაადეკვატურად მიიღო: ჯერ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უსამართლო მეთოდებით წაერთმიათ ჩვენთვის პარლამენტის მანდატი ნაძალადევში, ხოლო ბოლო დღეებში შემოიტანეს კანონპროექტი, რომელიც, პრაქტიკულად, რეალური ოპოზიციური პარტიების ფინანსურ ლიკვიდაციას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი კონფრონტაცია არის უხეში შეცდომა, რამაც ახლო წარსულში არაერთხელ დააზიანა ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო.

კიდევ ერთხელ მივმართავთ პრემიერ-მინისტრს: მზად ვართ ნებისმიერ დროს შეგხვდეთ, და მშვიდ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განვიხილოთ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხები, რათა არ დავუშვათ ხელისუფლებისა და ოპოზიციის არაცივილიზებული ფორმით დაპირისპირება“ - წერს დღევანდელ განცხადებაში "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა.