გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამას წინათ საკუთარი პარტიის ახალგაზრდულ ფრთასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გერმანიაში მულტიკულტურალური საზოგადოების შექმნის მცდელობები ჩაიშალა. უფრო მეტიც: “ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გერმანულად არ ლაპარაკობს, ჩვენთვის არასასურველია” – დაამატა მან. შემდეგ ისიც გაიხსენა, რომ 60-იანი წლების დასაწყისში (როდესაც თავად გდრ-ის მოქალაქე იყო) გერმანია უცხოეთიდან მუშახელს იწვევდა: “დღეს ისინი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. ჩვენ თავს ვიტყუებდით, ვამბობდით, რომ ოდესმე ისინი წავლენ. მაგრამ სულ სხვანაირად გამოვიდა”.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა გნიასი შეიქმნებოდა პოლიტკორექტულ ევროპაში ამ განცხადების გამო. ეს ის საკითხია, რომელიც ევროპაში იმდენ ხანს იყო მიჩუმათებული, რომ მერკელის სიტყვებმა ისეთივე ეფექტი გამოიწვია, როგორც ბავშვის წამოძახილმა ანდერსენის ცნობილ ზღაპარში: “მეფე შიშველია!’’
მულტიკულტურალიზმი, ეს შედარებით ახალი ევროპული ტერმინი შინაარსობრივად სწორედ იმას ასახავს, რასაც ჩვენ, თბილისელები “ქალაქურ’’ კულტურას ვუწოდებთ. ანუ ეკლესიის, სინაგოგისა და მეჩეთის თანაარსებობას (ცხადია, აქ ეთნიკურ ჯგუფებსა და მათ კულტურულ თავისებურებებს ვგულისხმობთ და არა ოდენ არქიტექტურულ ძეგლებს).
ევროპაში ამ ტერმინის დამკვიდრება წარმოადგენდა იმის მცდელობას, რომ აღმოსავლური კულტურისათვის სრულიად ორგანული არსებობის წესი დაენერგათ იმ ნიადაგზე, რომელსაც ისტორიულად ახასიათებდა მისგან განსხვავებული კულტურების მარგინალიზაცია და მათდამი დამოკიდებულება, როგორც პროგრესული კულტურებისა - ჩამორჩენილი და ბარბაროსული ხალხების მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მსოფლიო მთლიანად მიმართულია ადამიანის უფლებათა ევროპული და ამერიკული მოდელისაკენ, ურიგო არ იქნებოდა გაგვეხსენებინა, რომ ორი საუკუნის წინ დეკლარირებული ეს უფლებები ევროპელებმა და ამერიკელებმა საკუთარ რასას (და აღმსარებლობას) დაუწესეს და არა სხვა დანარჩენებს. თავის დროზე ამ “ადამიანთა’’ ჩამონათვალის დროში მეტად გაწელილი გავრცობა ზანგებზე, ინდიელებზე, აზიელებზე, მუსლიმებზე და სხვებზე ისეთივე მტკივნეული იყო, როგორც დღეს – მერკელის გულახდილი განცხადება. საბოლოოდ, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ უფლებები უკლებლივ ყველა ადამიანს აქვს, თუმცა, როგორც უკვდავი ორუელი ამბობდა, “ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფროა თანასწორი’’.
წინააღმდეგობები, რომელთა დამალვა სულ უფრო რთულდება, ევროპაში ქსენოფობიის ცალკეულ გამოვლინებათა სახით მეტად მნიშვნელოვან პროცესებზე მიუთითებს. დავა ევროპის კონსტიტუციაში ქრისტიანობის, როგორც ევროპის კულტურის საფუძვლის ხსენების შესახებ თითქოს იმით აიხსნებოდა, რომ ათეისტები და სხვა აღმსარებლობის ადამიანები ამით შეურაცხყოფილნი დარჩებოდნენ. არც უამისობაა, ცხადია, მაგრამ მიზეზი კიდევ უფრო ღრმაა; ტოლერანტულობა კარგია სადღაც სხვაგან, სადაც შენი სამშობლო არ არის, მაგრამ აუტანელია, როცა კათოლიკური ან პროტესტანტული ტაძრის გვერდით “ვიღაც მოსულებს’’ (თანასწორები რომ არიან!) მეჩეთის აშენება უნდათ. შვეიცარიამ რეფერენდუმით უთხრა ამას უარი. მეორე, საპირისპირო მაგალითი საფრანგეთში იყო, _ სასწავლო დაწესებულებებში ჰიჯაბის (მუსლიმი გოგონას თავსაფარი) ტარების აკრძალვის სახით.
მაინც როგორ უნდა შექმნან ევროპელებმა მულტიკულტურალური საზოგადოება, როდესაც ვერც თავსაფრიან გოგონას იტანენ გვერდით და ვერც სხვის სალოცავს? და რა თქვა ისეთი მერკელმა, რაც სინამდვილეში ისედაც ასე არ იყო?
პრობლემა ისაა, რომ თვით ტერმინი “ტოლერანტობა’’, რომელიც შემწყნარებლობის დატვირთვით დაამკვიდრეს ევროპელებმა, უკვე არაჯანსაღ მუხტს ატარებს: თითქოს შენ რაღაცას აშავებ, მაგრამ ისინი დიდსულოვნად შეგიწყნარებენ, გაპატიებენ, არსებობის უფლებას მოგცემენ. მისიონერული და მესიანური დასავლური კულტურა დემოკრატიული ტერმინოლოგიით ოპერირებას უცხო ქვეყნებში უკეთ ახერხებს, ვიდრე საკუთარში. მართლაც, თუ ყველა თანასწორია, რატომ არა აქვთ იგივე უფლებები სხვა ადამიანებს? და თუ არა აქვთ, რატომ უნდა ჰქონდეთ იმ ქვეყნებში, რომლებშიც ძალადობრივად ნერგავენ ამ ინტერნაციონალისტურ კლიშეებს ამერიკელები და ევროპელები? რატომ ესაუბრება დაყვავებით პრეზიდენტი ობამა პასტორს, რომელიც ყურანის დაწვით დაიმუქრა და რატომ ახეხინეს ციხე მკალავიშვილს, რომელსაც იეღოველების ლიტერატურის დაწვას ედავებოდნენ? უამრავი “რატომ’’ ისმის სულ უფრო ხშირად იმ საკითხებზე, რომელთა აქსიომატურობაზე თითქოს დიდი ხანია, ყველა შეთანხმდა.
“გლობალურ სოფელში’’ ყველაფერი სტანდარტული უნდა იყოს. დასავლური კულტურის შვილებს, ისევე, როგორც კოლონიალიზმის ეპოქაში, ყველგან, სადაც ჩავლენ, სტანდარტული პაკეტი უნდა დახვდეთ როგორც ყოფითი, ისე ფასეულობითი გარემოსი. მაგრამ ადამიანები უფრო იოლად თმობენ მატერიალურ სიმდიდრეს, ვიდრე რწმენასა და ადათებს. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლების სიღატაკეს გაექცნენ და დასავლეთს მიაშურეს. მათ სულაც არ უნდათ იქცნენ ევროპელებად ან ამერიკელებად. მათ უნდათ იმ უფლებების რეალიზება, რომლითაც დასავლეთი თავს იწონებს. როგორც გაირკვა, არც ევროპელებს უნდათ, გახდნენ სხვანი. ისინიც საკუთარ კულტურულ სივრცეს იცავენ. ოღონდ, ესაა, რომ გლობალური მედია ამაზე ჯიუტად დუმს. დუმილი დაირღვა, როცა არა რომელიმე მარგინალური ჯგუფის წარმომადგენელმა, არამედ თვით გერმანიის კანცლერმა თქვა ის, რაც ყველამ იცოდა, მაგრამ რაზეც ლაპარაკი არ იყო მიღებული.
არაღიარებული ათეიზმი, რომელიც თანამედროვე ლიბერალიზმმა კომუნიზმისაგან მიიღო მემკვიდრეობით, კიდევ არაერთ პრობლემას წარმოშობს. რწმენის შევიწროება პირადი ცხოვრების ჩარჩოებამდე ყოველთვის გამოიწვევს საპასუხო რეაქციას. კათოლიკური ეკლესიის დიქტატით შეშინებული ევროპა იმდენად დარწმუნებული იყო საერო სახელმწიფოს უნივერსალურობაში, რომ ვერ გაითვალისწინა: რელიგიური საფუძვლებისგან დაცლილი სახელმწიფო არანაკლები საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.
ერთ-ერთი უდიდესი თანამედროვე ევროპელი, ჟან ბოდრიარი შენიშნავს: “დასავლეთი იქცა დომინირებულ ძალად და ეს დამამცირებელია სხვა ცივილიზაციებისათვის. არ ვლაპარაკობ პრიმიტიულ კულტურებზე, რომლებმაც თავისი დრო მოლიეს და გაქრნენ. საუბარია უძველეს, მძლავრ, ტრადიციულ კულტურებზე, რომლებიც უკანა პლანზე გადაწეულებად გრძნობენ თავს: მათ მარგინალებად აქცევენ. მათ შორის თვით დასავლეთის ქვეყნებშიც. არსებითად, ჩვენ გამოვდევნეთ ფასეულობათა ყველა სხვა სისტემა. მაგრამ ყველაზე სასაცილო აქ ის არის, რომ თავად დასავლური ღირებულებები აღარ წარმოადგენს ფასეულობებს _ ჩვენ თვითონ გავანადგურეთ ისინი. მუსულმანებს ისინი აქვთ, ჩვენ კი – არა”.
ნანა დევდარიანი - www.saqinform.ge