საზოგადოება
დააკავეს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს 7 რწმუნებული
ganccxadeba-dakavebaსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი და ქრთამის აღების ფაქტზე მხილებულია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს 7 რწმუნებული. ამჟამად ყველა მათგანი დაკავებულია. დაკავებულთა შორის არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის რწმუნებული გივი რამაზაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის რწმუნებული ვაჟა არუთინაშვილი, რომლებმაც ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე 100 ჰექტარი მიწისა და მის შემოგარენში არსებული ტყის მასივის იჯარით გაცემის ნებართვის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 10 000 ლარი აიღეს.
ასევე, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ გურგენიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდას რწმუნებული ირაკლი ხირდაევი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის რწმუნებული დავით სუხიაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშას რწმუნებული გელა შიოლაშვილი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯის რწმუნებული ჰოვჰანეს თევანიანი და ქრთამის აღებაში მონაწილე პირი მანველ აბრაგიანი. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 11-12 ივნისს აღნიშნულმა პირებმა, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, შეადგინეს და ყალბი ცნობა გასცეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის შესახებ, რის სანაცვლოდაც მათ ქრთამის სახით გარკვეული თანხები აიღეს.
ამჟამად შსს-ს ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება გამოძიება ანალოგიურ და სხვა კორუფციულ სქემებში ჩართული საჯარო მოხელეების მხილების მიზნით.