საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს
საქართველო, 13 ივნისი,
საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ
ირაკლი ალასანიას მიმართვა გაავრცელა. ვიდეომიმართვაში თავდაცვის მინისტრი იმ ოჯახებს, რომლებმაც სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში ოჯახის წევრები დაკარგეს, ფულად კომპენსაციებს სთავაზობს. გადაწყვეტილება ამის შესახებ პრემიერმა მიიღო. ახალი ინიციატივა 2014 წლიდან ამოქმედდება.
"ჯარისკაცი თავისი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს, სამშობლომ უნდა დაიცვას მისი ოჯახი. სახელმწიფოს ღირსების საქმეა - ღირსეულად დააფასოს ყველა ის გმირი, ჩვენი შვილები თუ მამები, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გაწირა. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი 7 გმირი მივაბარეთ მიწას. გაცნობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ დაუჭირა მხარი, ჩვენი გმირი ბიჭების ოჯახების მხარდაჭერის შესახებ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი, დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან და დასრულებული დღეს მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებით, მიიღებენ ყოველთვიურად 1000 ლარს. ეს ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად, დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება. ასევე ცვლილებები შედის კანონში სამხედრო მოსამსახურის შესახებ. ამიერიდან, საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ნაცვლად 15 ათასისა მიიღებს 100 ათას ლარს ერთჯერად დახმარებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების დევიზია – სამშობლო, ღირსება, ერთგულება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდნენ ის გმირები, ვინც ჩვენს სამშობლოს ბოლომდე უერთგულა", - აღნიშნულია მიმართვაში.