სამართალი
ჯაშუშური სკანდალის ახალი დეტალები

javaxetiროგორც იცით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 30 ოქტომბერს 20 ადამიანი დააკავა, რომელთაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებათ ბრალად. ქართულმა საზოგადოებამ ამის თაობაზე სააგენტო „როიტერისგან“ შეიტყო, რომელსაც ინფორმაცია კომპეტენტურმა წყარომ მიაწოდა. სააგენტოს არ დაუზუსტებია, წყარო რუსულია თუ ქართული.

ყველა დაკავებული- საქართველოს მოქალაქეა. „როიტერის“ ცნობით, ჯაშუშები რუსულ სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ქართული კონტრდაზვერვა ამ ოპერაციას ექვსი თვის განმავლობაში ატარებდა. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილნი ინტერესდებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესყიდვებით, არმიაში არსებული განწყობილებით, ოფიცერთა პირადი ინფორმაციით, პოლიტიკოსთა დაცვის პირადი შემადგენლობით და ცდილობდნენ არმიისა და პოლიციის მაღალჩინოსნებზე კომპრომატების მოპოვებას.

დღეს არაოფიციალურად რამდენიმე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ესენი არიან: არმენ გევორქიანი, რუბენ შიკოიანი (მოძრაობა „ჯავახკის“ წევრები), რუსლან გალოგრე (ბათუმში მდებარე სასტუმრო „ო.გალოგრეს“ ტექნიკური მენეჯერი) და ერთ-ერთი ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტი, თუმცა ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქინფორმი შსს-ს დაუკავშირდა, მაგრამ პრესსამსახურში სატელეფონო ზარს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ საქმის დეტალები 5 ნოემბერს გახდება ცნობილი, როცა ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი ჩატარდება.