სამართალი
საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში

alasan-samart-1საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ქართველი სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ასევე, მოხდება "ქართული კვების კომპანიის" მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც  მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე  სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე შემოწმების სტადიას 11 სამხედრო მომსამსახურე გადის, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია მათი მოწამვლა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით: „მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი სახე ამ ფაქტს არ აქვს, მე მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილებები: თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნება ის მოხელე,  ვინც ჩვენი სამხედროების კვების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი; ასევე, მთლიანად შეიცვლება "ქართული კვების კომპანიის" სტრუქტურა და მენეჯმენტი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების კვებას. ჩემთვის და მთელი თავდაცვის სამინისტროსთვის, ჯარისკაცის კვებით უზრუნველყოფა არის იგივე, რაც საკუთარ ოჯახში, საკუთარი შვილი უზრუნველყო საკვებით. აქედან გამომდინარე, ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია."

ამ საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. მოკვლევის დასრულების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის შესახებ.