უცხოეთი
რა შეუთვალა მერაბიშვილმა ხუბუტიას და რატომ ვერ შეახვედრა იგი ივანიშვილს პატრიარქმა

xubutia-qartროგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ მიხეილ ხუბუტიამ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილი მისწერა და რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების მოსაგვარებლად საკუთარი, მათ შორის მატერიალური რესურსები შესთავაზა, თუმცა პასუხი არ მიუღია. ამას მოჰყვა მეორე წერილი, რომელშიც ხუბუტია პრემიერის ამგვარ პასიურობას „მის ბიუროკრატიულ გარმოცვას" უკავშირებდა. რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა ყოველკვირეულ გამოცემა „თბილისელებს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც, ამ და სხვა საკითხებთან ერთად, უამბო, თუ  რა შეუთვალა თავის დროზე საერთო ნაცნობის შუამავლობით ვანო მერაბიშვილმა და რატომ ვერ დაეხმარა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაში პატრიარქი. „Front News" - ი ამ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

-თქვენს წერილში განმარტავდით იმის მიზეზებს, თუ რატომ გიწევთ პრემიერ ივანიშვილთან ურთიერთობა ეპისტოლარულ ჟანრში. თუ შეიძლება, უფრო დეტალურად განუმარტეთ ჩვენს მკითხველს...

–ჩემს წერილებს არანაირი საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია. არადა, მე, როგორც ქართველი პატრიოტი, ვთვლი, რომ ვალდებული ვარ, საკუთარი წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში. აი, გუშინაც შევიკრიბეთ რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი და გამოვთქვით მზადყოფნა, საქართველოში, სულ მცირე, 100–100 მლნ დოლარის ინვესტირება განვახორციელოთ.

–ინვესტიციის თუ დახმარების სახით?

–მე ბიზნესმენი ვარ და ვიცი, სად, როგორ და რისთვის ჩავდო ფული. განსაკუთრებულ მოგებას არ ვეძებ, საქართველო ხომ ჩემი სამშობლოა! უზარმაზარი გამოცდილება მაქვს, მაგალითად, სამონადირეო საქმის ორგანიზებაში. შემიძლია, მოვაწყო სამაგალითო სამონადირეო მეურნეობა და ამ მიზნით 25 მილიონი დოლარის ინვესტირება განვახორციელო ფულის 100 წლის შემდეგ დაბრუნების პერსპექტივით. ასეთი მეურნეობა მიიზიდავდა ქვეყანაში მაღალი რანგის სტუმრებს, რაც, ალბათ, ცუდი არ იქნებოდა. მეორე, რისი გაკეთებაც მსურს, როგორც ზუგდიდელს, ისაა, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქს სპორტული სკოლა ვაჩუქო. ჩემმა ძმამ უკვე ტონა წერილები დაწერა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა გამოხმაურება კვლავაც არ არის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იქ არავის არაფერი უნდა. რაც შეეხება ივანიშვილისადმი ჩემს წერილს, ახალი ხელისუფლება თითქოს ეძებს ახალ გზებს და ალტერნატიულ პოლიტიკას რუსეთთან სხვაგვარი ურთერთობის დასამყარებლად, ეძებს მისადგომებს მოსკოვის მაღალ კაბინეტებთან, რაც მისასალმებელია, მაგრამ ამავე დროს, არ მოგვმართავს ჩვენ – ხალხს, რომელსაც ამ კაბინეტებთან პირდაპირი წვდომა აქვს. ივანიშვილს პირველი წერილი მივწერე, სიტუაცია ავუხსენი და შევთავაზე შეხვედრა ქართული დიასპორისა და რუსეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ძალიან არიან დაინტერესებული საქართველოსთან ურთერთობის განახლებით.

–ეს შეხვედრა მოსკოვში გაიმართებოდა?

–რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ამას არ მოვითხოვდით. ჩემთვის პრობლემა არ არის, მოვამზადო რამდენიმე თვითმფრინავი პრემიერთან შესახვედრად, ამის აუცილებლობა რომ შეიქმნას. მაგრამ  საკითხავია, რისთვის? ქართული დიასპორა ხომ უცხო არ არის! ის პრემიერს სტუმრად იწვევს.. პასუხის ღირსად მაინც მიეჩნია, ეთქვა, არ შემიძლია, არ მსურს, დრო არ მაქვსო... მაგრამ არანაირი პასუხი, საერთოდ არანაირი!

–და არც თქვენ მიუწვევიხართ საქართველოში?

–აგერ, სულ ცოტა ხნის წინ მოეწყო ქართული დიასპორის დღეები და ეს მშვენიერი საბაბი იყო რუსეთში ქართველთა კავშირის თბილისში მისაწვევად, მაგრამ ჩვენი მისამართით სრული დუმილი იყო. სამაგიეროდ მიიწვიეს ბატონი ხომერიკი, რომელიც ყოველ გზაჯვარედინზე გაჰყვირის, რომ საქართველომ მისი მრავალრიცხოვანი დიასპორით რუსეთის ოკუპაცია მოახდინა, ქართველებომ ხმაამოუღებლად იჯექით და ნურანაირ საკითხებს ნუ დასვამთო... ძალიან ღირსეული პოზიციაა ქართველი საზოგადო მოღვაწისთვის! რა თქმა უნდა, ხომერიკის მიწვევამ ჩემი აღშფოთება გამოიწვია და არა იმიტომ, რომ რაღაც ამბიციები მაქვს, – არანაირი ამბიცია არ მაქვს, არც ბიძინა მინდა, არც მიშა და არც რაიმე ინტერესი მაქვს საქართელოს, როგორც ბიზნეს–პლატფორმის მიმართ. უბრალოდ, როგორც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს, პატრიოტული საწყისები მამოძრავებს და უამრავი სწორი სვლა ვიცი, – უფრო მეტიც კი, ვიდრე ბიძინამ, განსაკუთრებით – მოსკოვში. დიახაც, მადლობა მას იმისთვის, რომ ტირანია ჩამოაგდო, მაგრამ შემდგომ რა? ვერ გამიგია, რატომ აქვს მისი მხრიდან ადგილი ამგვარ პასიურობას რუსეთში ქართული დიასპორის მიმართ, მის კვალდაკვალ კი დუმილს ინარჩუნებენ მინისტრებიც...

–მეორე წერილში, პირიქით, იმაზე ამახვილებდით ყურადღებას, რომ სწორედ პრემიერის გარემოცვა უქმნის დაბრკოლებებს ივანიშვილთან შეხვედრას. კონკრეტულად ვის გულისხმობდით ამ გარემოცვიდან?

–ვფიქრობ, თავად ივანიშვილიც საკმაოდ ჯიუტი ხასიათის ადამიანია, მაგრამ მისი გარემოცვა, რომელმაც წარმოიდგინა, რომ მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების პოტენციალი გააჩნია, პრემიერს "ცხვირით დაატარებს”. რეალურად, ამ ადამიანებს არანაირი პოტენციალი, რა თქმა უნდა, არ აქვთ, ვის რისი გაკეთება შეუძლია მათგან? რომელს შეუძლია ქართული დიასპორის და ჩვენი მხარდამჭერი რუსული ინტელიგენციის მობილიზება? ვის შეუძლია მოსკოვში საჭირო კაბინეტში შესვლა, როდესაც სახიფათო ვითარება იქმნება, – ისეთი, მაგალითად, როგორიც შეიქმნა სულ ცოტა ხნის წინ ე.წ. საზღვართან დაკავშირებით?! – ასეთი ადამიანები ივანიშვილის გარემოცვაში არ არიან!

–რაკი ე.წ. საზღვარი ახსენეთ, მე ეს ნაბიჯი აღვიქვი, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნის ერთგვარი მცდელობა. ასე არ არის?

–პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, უპირველეს ყოვლისა, როგორც დიდი პოეტის ირაკლი აბაშიძის ვაჟს,  მაგრამ რისი გაკეთება ძალუძს ზურაბ ირაკლის ძეს, თუ მას რუსეთში ჩასვლაც კი არ შეუძლია?! არადა, აქ – თავად რუსეთში არსებობს კარგად ორგანიზებული ქართული დიასპორა, რომელიც ნამდვილი პატრიოტებისგან შედგება. საქართველოს წინა ხელისუფლბას ამის გაგება ძირშივე არ სურდა. 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩემი პოზიციის გამო ჩემს ძმას „შემთხვევით" ჩაუდეს იარაღი და დააკავეს. მართალია, მერე გაათავისუფლეს, ვანო მერაბიშვილმა კი პირობა დადო, რომ თვითმფრინავის ტრაპზევე დამაკავებდა.

–რა ბრალდებით, რის გამო?

–წარმოდგენა არ მაქვს! მსურდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმჟამინდელ უფროს სერგეი ნარიშკინთან ერთად. საქართველოს წინაშე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, თუ არ ჩავთვლით ასეთად ჩემს კავშირებს რუსეთის ისტებლიშმენტის უმაღლეს წრეებთან. თუ ასე ჩავთვლით, მაშინ კი ბატონო, ყველას ვიცნობ და რეციდივისტი ვარ!

–მერაბიშვილმა არაოფიციალურად გაგაფრთხილათ?

–კი, მაგრამ ეს კაცური საუბარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი მტერია. მან გადმომცა, რომ ციხეში ჩამსვამს, როგორც მტერს. ეხლა კი თავად ზის. მაგრამ ეს მსოფლიოში არავის მოსწონს, ეს ანგარიშსწორებაა. მერაბიშვილი ხომ მრავალი წარმატებული რეფორმის ავტორია!

–მაგრამ თავად საქართველოში მერაბიშვილის დაკავება ბევრს ახარებს...

–ვეუბნებოდი ჩემს მეგობარ იუანუკოვიჩს, რომელიც ხშირად მსტუმრობდა, არ დაეპატიმრებინა ტიმოშენკო... არ მსურს, შეფასებები მივცე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ვიტყვი მხოლოდ, რომ არც ივანიშვილმა, არც ქართველმა ხალხმა იციან ჯერ–ჯერობით 2008 წლის ომის დროს ჩვენი როლის შესახებ.  უბრალოდ ვაფრთხილებ, ყველაზე ძლიერი ქართული დიასპორა სწორედ რუსეთშია და თუ მის პოტენციალს არ გამოიყენებენ, ე.წ. საზღვარი დღეს 300 მეტრით გადმოიწევს, ხვალ – კიდევ 300 მეტრით.

–მაინც მინდა, გკითხოთ მერაბიშვილზე. ეს ხომ სწორედ მან მოკვეთა ქართული დიასპორა 2012 წლის არჩევნებისგან?

–და ძალიან ცუდი! და ეს მოკვეთილობა გრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც. და რა? არ სჯობს, გამოიყენონ ის ადამიანები, რომლებიც „ამინდს ქმნიან" რუსეთში?! იგივე სოსო პავლიაშვილი, მაგალითად, რით დაიმსაურა მან ეს ლანძღვა თბილისიდან?! ეს ყველაფერი უბრალოდ სიბრიყვეა!

–მაგრამ პროკურატურამ ხომ განაცხადა, რომ პავლიაშვილის მიმართ პრეტენზიები არ აქვს...

–კი, მაგრამ ჭორები ხომ გავრცელდა! რაში სჭირდებათ ქართველებს ასეთი ადამიანისთვის იმიჯის შელახვა? სოსო ხომ დღემდე ქართული აქცენტით საუბრობს! ფიქრობთ, აქცენტი ვერ დაძლია?! ამით ის უბრალოდ საკუთარ „ქართულ მეს" უსვამს ხაზს. მეც ყველგან ხაზს ვუსვამ ჩემს ქართველობას. პირადი მაგალითით ვამტკიცებ, რომ ქართველები საქმიანი და პატიოსანი ხალხია.

–საქართველოს პრემიერ–მინისტრმა თქვენს მიწვევას იგნორირება გაუწია. იქნებ, ეს იმით აიხსნება, რომ საქართველო და რუსეთი ახლა რთულ გეოპოლიტიკურ ჩიხში არიან?

–თუმცა ივანიშვილი ძალიან შეეცადა, მედვედევთან დაემტარებინა ურთიერთობები...

–გულისხმობთ, დავოსში?

–სწორედაც რომ. მათ ორიოდე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და ივანიშვილმა ამოცანა შესრულებულად მიიჩნია. ასე კეთდება საქმეები? თუ ვინმეს ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, შევახსენებ: მე პრეზიდენტ პუტინთან არსებული ეროვნული საბჭოს წევრი ვარ და ხშირად ვესწრები მასთან შეხვედრებს. მე უფლება მაქვს, შევხვდე პრეზიდენტსა და პრემიერს.

–სწორედ ეს გითხარით – იქნებ, ივანიშვილი მზად არ არის რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შესახვედრად?

–თქვენ არ წაგიკითხავთ ჩემი წერილი. მე ივანიშვილს შევთავაზე შემდეგი: თბილისში ჩავსულიყავი მასთან საკითხის წინასწარი დამუშავებისთვის, შემდეგ კი გამეგრძელებინა ამ თემაზე მუშაობა მოსკოვში. მისი უწმინდესობა, კათოლიკოს–პატრიარქი დახმარებას დამპირდა,  მაგრამ იძულებული გახდა, თავი შეეკავებინა.

–ეს როდის იყო?

–მარტში. სწორედ ამ მიზნით ჩამოვედი მაშინ თბილისში, მაგრამ ივანიშვილისგან არანაირი სიგნალი არ ყოფილა. თუ მას არ სურს შეხვედრა ადამიანთან, რომელიც მასზე ოდნავ ღარიბია, შემიძლია, გავმდიდრდე (იცინის), ან ვიპოვო სხვა პერსონა. შემიძლია, შევთავაზო შეხვედრა სხვა ფორმატში, მაგალითად, რუსეთში ქართული დიასპორების ყრილობაზე, რომელსაც შეიძლება, ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობა დაესწროს. რუსეთში ქართველთა პრობლემები გადაწყვეტას მოითხოვს. აქ უამრავი ადამიანია, უსაბუთო დევნილი, რომელიც პოლიციას ბაზრებში ემალება, როგორც საბჭოთა პერიოდში – ბოშები. ეს ნორმალურია?! აი, ასეთი ცხოვრებისეული პრობლემებია ჩემი ტკივილი!

–ივანიშვილსაც ჰქონდა საკუთარი ბიზნესი რუსეთში. ოდესმე გადაკვეთილხართ?

–არა. მასთან არასოდეს მქონია საერთო საქმე. თუმცა გვყავს ბევრი საერთო მეგობარი, მაგალითად, პიოტრ ავენი, „ალფაბანკის" მფლობელი. ცოტა ხნის წინ მან დამირეკა და ივანიშვილთან შეხვედრის ორგანიზება შემომთავაზა, თუმცა უარი ვთქვი, - რაში მჭირდება შეხვედრები მეგობრების შუამავლობით?

–ელით, რომ ივანიშვილი გიპასუხებთ? რა გეგმები გაქვთ?

–უკვე ორჯერ მაქვს დატოვებული რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტის პოსტი. თითქმის 50 წლის ვარ და მსურს, საკუთარი საქმეებით დავკავდე. რისი გაკეთებაც საქართველოში მინდოდა, გავაკეთებ რუსეთში. მე ხომ პრეზიდენტს შევპირდი!

–პუტინს?

–რა თქმა უნდა!  მე რუსეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ, როგორ მეყვარება რუსეთი, თუ არ მეყვარება ისტორიული სამშობლო – საქართველო?! ამ კითხვას საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ. პუტინს გაჭირვებული ოჯახების ვუნდერკინდი შვილებისთვის სკოლის მშენებლობას დავპირდი. საერთოდ, პუტინს დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ. სწორედ მან დააყენა ფეხზე რუსეთი და ამის დავიწყება არ ღირს. ხოლო ლაპარაკი რუსეთის დეზინტეგრაციაზე, რაზეც პერიოდულად საუბრობს სააკაშვილი, უბრალოდ სასაცილოა, – რუსეთი ურყევად მიიწევს წინ. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, მსურს, მოსკოვის ქართულმა ახალგაზრდობამ 2 კვირა მაინც დაისვენოს ბათუმში.

–წინა ხელისუფლების პირობებში თვითმფრინავის ტრაპს ვერ გასცდებოდით... ახლა როგორ არის ამ მხრივ საქმე?

–ახლა საქმე უკეთესადაა. მოვინახულე 90 წლის მამა, რომლის ნახვაც 6 წლის განმავლობაში არ შემეძლო. რა თქმა უნდა, ვაფასებ ბიძინა ივანიშვილს ამ დადებითი ცვლილებების გამო, მაგრამ რას ნიშნავს ერთი ადამიანი?  როგორც რუსები ამბობენ, "Один в поле не войн”. და მაინც, ხვალინდელი დღის მწამს".

http://frontnews.ge/index.php?action=news_read&npid=21671&lang=geo