საზოგადოება
უმცირესობა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

giorgi-vaSaZeსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის მიზნით ჩატარებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 
უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძ მიიჩნევს, რომ "ყურადღებას იმსახურებს "ქართული ოცნების" სასურველი კანდიდატების პოლიტიკური ანგაჟირებულობის საკითხი, რაც წინაამდეგობაში მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის აუცილებელ კანონმდებლობით დადგენილ მიუკერძოებლობის კრიტერიუმებთან. მისი განცხადებით, წარდგენილი 35 კანდიდატურიდან 10 კანდიდატურა უმცირესობამ უმრავლესობას კონსულტაციებისთვის შესთავაზა.

ვაშაძის განმარტებით, პარლამენტმა საბჭოს ექვსი წევრი უნდა აირჩიოს, საიდანაც ორი უმცირესობის კვოტაა და თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, იუსტიციის საბჭო ვერ დაკომპლექტდება.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის ასარჩევად 15-წუთიანი კონსულტაცია არაფერს შეცვლის. 
"თუ სხდომის პარალელურ რეჟიმში ფრაქციებს ექნებათ სურვილი კონსულტაციების გამართვის, ამის საშუალება გექნებათ. პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია მეორე ტური პარასკევს ჩატარდეს. ამ ვითარებაში ეს არის ლოგიკური, რადგან თუ ერთი კვირის განმავლობაში კონსულტაციები არ გაიმართა, ახლა 15-წუთიანი საუბარი ვერაფერს შეცვლის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.