პოლიტიკა
„მას შემდეგ, რაც ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია და პრემიერ-მინისტრი გახდება მთავრობის მეთაური, თავისთავად უშიშროების საბჭო, ჩემი აზრით, კარგავს თავის ფუნქციას. მისი რეფორმირება აუცილებელი გახდება“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ თუ ფორმატი არაეფექტიანი აღმოჩნდა, პრობლემა უმრავლესობამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს.
„ამ ფორმატში წარმოდგენილია ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი, მათ შორის, მათი უდიდესი ნაწილი არის სწორედ ახალი მთავრობის წარმომადგენლები და თუ ეფექტურობასთან დაკავშირებით არის რაღაც პრობლემა, ეს პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებონ“, - განაცხადა უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამასთან, უმცირესობამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერის არყოფნა კრიტიკულად შეაფასა.
„გაუგონარია, რომ პრემიერ-მინისტრი არ დაესწრო სხდომას და თქვა, რომ არ აინტერესებს ის საკითხები, რომლებიც დღის წესრიგში იყო, კერძოდ, “აისაფის“ ოპერაციის ფარგლებში ქართველ სამხედროებზე გახშირებული თავდასხმები და მათი მასშტაბის ზრდა. ეს თუ არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრს, რა აინტერესებს? თუ მას არ აინტერესებს, ვინ ემუქრება მის მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს ტერორით, მაშინ რა აინტერესებს?“, - განაცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა.