პოლიტიკა
ვ. ვ. პუტინი: “ჩვენ გვინდა საქართველოსთან თანამშრომლობა, გვინდა საქართველოსთან მუშაობა, გვინდა ურთიერთობის სრული მოცულობით აღდგენა“

vlad-putinსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 11 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინმა ტელეკომპლექსი Russia Today დაათვალიერა და ტელეარხის ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, სადაც მოსკოვის და თბილისის ურთიერთობებს შეეხო.

“თუ ჩვენ მართლაც ერთობლივად ვიმუშავებთ დამნაშავეობასთან, ტერორთან ბრძოლაში, მაშინ ეს შესაძლებელია“, - თქვა პუტინმა, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, როდის იქნება შესაძლებელი სავიზო რეჟიმის გაუქმება.

“ჩვენ გვინდა საქართველოსთან თანამშრომლობა, გვინდა საქართველოსთან მუშაობა, გვინდა ურთიერთობის სრული მოცულობით აღდგენა. ვიმეორებ: თუ ჩვენ შევძლებთ ავაწყოთ ასეთი მუშაობა სამართალდამცავი ორგანოების, სპეცსამსახურების სფეროში, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იქითკენ, რომ უვიზო რეჟიმი აღდგეს“.

“საქართველოს ტერიტორიიდან ჩვენკენ კავკასიაში გამუდმებით ჟონავენ ტერორისტული ელემენტები... და ის ნაკლებსასიამოვნო ეპიზოდები, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოს ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენებასთან, იმით აიხსნებოდა, რომ ჩვენ დარტყმებს ვაყენებდით არა უბრალოდ საქართველოს ტერიტორიას, არამედ ბანდფორმირებებს, რომლებიც 30 კმ-ზე მიუახლოვდნენ სოჭს. აი, სადამდე მივიდა საქმე!

შსს-ს სატვირთო მანქანებს ისინი რუსეთის საზღვართან გადმოჰყავდა. ჩვენ იძულებული ვიყავით, პრევენციული ქმედებები გაგვეხორციელებინა. მე მაშინ ეს მოქმედ პრეზიდენტს ვუთხარი. ძალიან გვინდა, რომ ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში აღარასოდეს განმეორდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პუტინმა შეახსენა აგრეთვე რუსეთის მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რფ-ის ბაზარზე ქართული საქონლის დაშვების თაობაზე. “ჩვენ გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია, შესაძლოა, ეს საკვანძო საკითხი არ არის, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის. ჩვენ მომავალშიც ვიმოქმედებთ ამ მიმართულებით“, - დაადასტურა სახელმწიფოს მეთაურმა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ შეკითხვა რფ-ის პრეზიდენტს სოფიკო შევარდნაძემ, საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა დაუსვა, რომელიც Russia Today-ზე წამყვანად მუშაობს.

"საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, ამის შესახებ ბევრჯერ გვქონდა საუბარი, ვეუბნებოდი, მიხეილ ნიკოლოზის ძევ, ოღონდ არ დაუშვათ სისხლისღვრა! მაგრამ ეს ყველაფერი ომით დასრულდა... რუსეთი აქ არაფერ შუაშია. ეს ეთნოკონფლიქტი იქ უკვე ასი წელი გრძელდება. საქართველოს ხელისუფლებამ არ შეიძლება არ იცოდეს 1919 და 1920 წლის მოვლენების შესახებ. ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა. უკუნაბიჯი ვერ წარმომიდგენია. მაგრამ ეს საქართველოსთვისაც წითელი ხაზია. ჩვენ გვინდა ურთიერთობის აღდგენა. საქართველოს მიმართ ძალიან თბილად ვართ განწყობილი“, - გაუზიარა პრეზიდენტმა.