პოლიტიკა
ღარიბაშვილი: „ვიდეო ატვირთულია საქართველოდან. IP მისამართი იდენტიფიცირებულია, ადგილმდებარეობა - დადგენილი!“

Ss-ministriსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რომელიც მან გუშინ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული.

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ ამ ვიდეოს წარმომავლობას არანაირი კავშირი თალიბებთან არ აქვს... არსებული მონაცემებით, ვიდეო ატვირთულია საქართველოდან. IP მისამართი იდენტიფიცირებულია, ადგილმდებარეობა - დადგენილი. ამჟამად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომლებშიც ჩართულია FBI, ასევე ისრაელის მხარე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა უშიშროების საბჭოს შეხვედრებს არაეფექტიანი და ფორმალური უწოდა.

"მე, როგორც ხალხის მიერ არჩეული მთავრობის წარმომადგენელი, ვმონაწილეობ უშიშროების საბჭოს მუშაობაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად არაეფექტური და უუნარო უშიშროების საბჭოა", - აღნიშნა მინისტრმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმები, თალიბების სახელით გავრცელებული, საქართველოსადმი მუქარის შემცველი ვიდეოკლიპები და ამასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.