პარლამენტარებზე პრემიის სახით 2,7 მილიონ ლარზე მეტი გაიცა
საქართველო, 11 ივნისი,
საქინფორმი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (
IDFI) ინფორმაციით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის აპრილის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებზე პრემიის სახით სულ 2 702 646,84 ლარია გაცემული.
აღნიშნული თანხიდან წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის იანვარი-ოქტომბერი) გაცემულია 1 746 258 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის ნოემბერი – 2013 წლის აპრილი) – 956 389 ლარი. ამავე დროს, ინსტიტუტის ინფორმაციით, სახელფასო დანამატებით სულ 2 938 319 ლარია გაცემული, საიდანაც წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში გაიცა 1 415 043 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში – 1 523 276 ლარი.
აღსანიშნავია, რომ პრემიის გაცემის პრაქტიკა 2013 წლის იანვრიდან გაუქმებულია, რის შედეგადაც დეპუტატების შემოსავალი წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატების შემოსავალთან შედარებით უნდა შემცირებულიყო 30%-ით. თუმცა, 2013 წლის 18 იანვრის საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, გაიზარდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის არსებული სახელფასო დანამატები, რამაც განაპირობა შემოსავლების მხოლოდ 5-პროცენტიანი შემცირება.