პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრებას მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს
richardსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრებას მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს. 
რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, გასული კვირის მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს წინაშე კვლავ დგას მთელი რიგი გამოწვევები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ პროცესის მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშაონ საუკეთესო პოლიტიკა. „დარწმუნებული ვარ, ახლა განიხილება ავღანეთში მიმდინარე მოვლენების გავლენა პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და ყველა მნიშვნელოვანი თემა, რაც საქართველოს წინაშე დგას. მიმაჩნია, რომ ეს არის მართლაც საუკეთესო შესაძლებლობა ასეთი თემების ერთობლივად განსახილველად", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა, რომლის განმარტებითაც, აშშ-ის მთავრობამ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიიღეს თხოვნა, დაეხმარონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარის შემცველი ვიდეორგოლების წარმოშობის დადგენაში. 
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ წინა კვირას ინტერნეტით გავრცელდა ორი ვიდეორგოლი - TALIBAN JIHAD AGAINST GEORGIAN TROOPS IN AFGHANISTAN და  TALIBAN JIHAD FOR GEORGIA, სადაც ნათქვამია, რომ თალიბები ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებენ.