პარლამენტი პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტზე იმსჯელებს
საქართველო, 11 ივნისი,
საქინფორმი. დღეს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ კიდევ ერთ ვეტოდადებულ კანონპროექტზე იმსჯელებს. დღის წესრიგში პარლამენტის მიერ მიღებული "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესული ცვლილებები დგას, რომელსაც
მიხეილ სააკაშვილმა ხელი არ მოაწერა და უკან დააბრუნა შენიშვნებით, რომლებზეც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს საკუთარ კაბინეტში შესვლა დღეს ალტერნატიული კარიდან მოუწევთ, რადგან პარლამენტის შენობის ნაწილში ჭერი ჩამოინგრა, რისი მიზეზიც სახანძრო მილის დაზიანება გახდა. კედელმა ვერ გაუძლო წყლის ძლიერი ნაკადის დინებას მილიდან და ჩამოიშალა. ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.