პოლიტიკა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ვახტანგ კაპანაძე: “სიამოვნებით გადავაყლაპებდი იმ გაზეთს ამის დამწერს!“

general-polit-2საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის  მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ New York Times-ის სტატიაში Taliban Attack Kills 7 Georgian Soldiers in Afghanistan მოყვანილი მასალები სინამდვილეს არ შეესაბამება.

“ავღანეთში რამდენჯერმე საკმაოდ დიდი ხნით მომიწია ყოფნამ და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი, რაც სტატიაში წერია, უკეთეს შემთხვევაში, აბსოლუტური სიბრიყვეა, უარესში კი - მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი და ვიღაცის დაკვეთა!

ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი. დიახ, ზოგჯერ უწევთ ქართველებს დასახლებული პუნქტის ჩხრეკაც, მაგრამ ისინი არცერთ შემთხვევაში ავღანური პოლიციისა და ავღანეთის შეიარაღებული ძალების გარეშე არ მოქმედებენ. სახლებში შესვლა კი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს საერთოდ ეკრძალებათ.

სტატიაში საინტერესო პასაჟია იმის შესახებ, რომ ქართველებმა ინგლისურიც არ იციან. უბრალოდ, წარმოვიდგინე, რა საინტერესო იქნებოდა ქართველი სამხედროს და ავღანური სოფლის მცხოვრების საუბარი ინგლისურ ენაზე შექსპირის შესახებ... ან ვის მოუვიდა თავში ისეთი მაგალითების მოყვანა, თითქოს ქართველები ართმევენ ავღანელებს ნივთებს?! ან რა აქვთ იმ გაჭირვებულებს, რომ ისიც წაართვა?!

მე საპირისპირო შემთხვევები ვიცი, მაგალითად, როგორ ითვისებენ ადგილობრივი ბავშვები ქართულ ენას, ასევე ადგილობრივი უხუცესების შეკრებაზე ქართულ სიტყვებს ხმარობენ ხოლმე და ცდილობენ, პატივისცემა გამოხატონ გურჯების (ქართველების - საქინფორმი) მიმართ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ გადასროლის წინ სამხედრო შემადგენლობა საგანგებოდ მოწვეული ექსპერტების დახმარებით სწავლობს ადგილობრივ ადათებს და ქცევის წესებს და ა.შ.

ასე რომ, ეს სტატია ემსახურება მხოლოდ ბოღმის გადმონთხევას, ეს არის რაღაც უსუსური სისულელეების ნაკრები. მე თუ მკითხავთ, სიამოვნებით გადავაყლაპებდი იმ გაზეთს ამის დამწერს!