პოლიტიკა
ხალხზე გამარჯვებული ტელევიზია „რუსთავი 2“ ოფშორშია დარეგისტრირებული!

rustavi2დღეს, იმის შემდეგ, რაც 8 ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა, ოპოზიცია ხელისუფლებას 8 კანონპროექტს სთავაზობს.

8 კანონპროექტი თავიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს ჯერ გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა გააცნო. ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები, სარეკლამო ბაზარზე მონოპოლიზაცია, ფინანსური გამჭვირვალობა, ლიცენზირების საკითხი, – ეს ის საკითხებია, რომელიც ამ კანონპროექტებში უნდა აისახოს.

ლაშა ტუღუშის თქმით, მინისტრები სხვადასხვა ტელევიზიაში პროგრამებს არ უნდა აფინანსებდნენ. მისივე თქმით, უნდა გამკაცრდეს ზომები იმ შემთხვევაში, თუ კანონი ირღვევა და სახელმწიფო ფულის მეშვეობით პირდაპირ სპონსორდება მედიასაშუალებები. „ერთ ხმაში მომღერალი მედია არავის სჭირდება... ტელეკომპანიების უცნობ მესაკუთრეს ცნობილი მესაკუთრე სჯობია’’, - ეს განცხადებებიც ლაშა ტუღუშმა გააკეთა. მან ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებზეც ისაუბრა. „ოფშორები ძალიან საეჭვო ტერიტორიად ითვლება 2001 წლის ტერაქტების შემდეგ. ოფშორებში ხდება შავი ფულის კონცენტრაცია… საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' წარმომავლობით ოფშორიდან არის. ''რუსთავი 2''-ში 70% წილს ვინც ფლობს, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, ვირჯინიის კუნძულებზე და 30% წილის პარტნიორი ასევე რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, ოღონდ მარშალის კუნძულებზე,” - აღნიშნა „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა.

უმრავლესობა მის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს მხარს დიდი ალბათობით დაუჭერს, რადგან ეს საკითხი იმ ერთიანი პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომელსაც გამოცდილი ქართველი ხალხი „პოზიცია-ოპოზიციას“ ეძახის.