პოლიტიკა
ანდრო ბარნოვი: „ამ ქაოსის ინსპირატორი უფრო ახლოსაა, ვიდრე ავღანეთი“

barnov-androსაქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ინტერნეტ-სივრცეში თალიბების სახელით ქართველი ჯარისკაცებისა და პრეზიდენტისადმი მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა. ბარნოვის განცხადებით, საქმე გვაქვს ფაბრიკაციასთან, რომლის უკან ის ადამიანები დგანან, ვისი სურვილიცაა, საქართველო ევროპულ კურსს ჩამოაშორონ.

“ვიმყოფებით იმ სამწუხარო რეალობაში, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, რეგიონში ცივილიზაციის ყველა ნათელი წერტილი ამოძირკვონ, ცდილობენ დაგვაშინონ, ჩაგვინერგონ აზრი, რომ სასწრაფოდ უნდა ჩამოვცილდეთ დასავლეთს, რადგან ჩვენი გამოსავალი იზოლაციასა და მორჩილებაშია. სინამდვილეში სწორედ ეს არის გზა, რომელიც საქართველოს არსებობას დაასრულებს და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ვინმე დაგვიცავს. ამ ბნელ ძალებს არ უნდა გავუჩინოთ განცდა, რომ მათი დრო დგება. ისინი არ ემუქრებიან მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს და მებრძოლებს. ისინი კაცობრიობას, მშვიდობას, განვითარებას, ცხოვრების წესს ემუქრებიან და არ გვაქვს ქედის მოხრის უფლება. არ უნდა შევუშინდეთ მათ. საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, სამართალდამცველებს კი მოვუწოდებ, მოიძიონ წყარო, თუ ვინ შექმნა ეს კლიპი და იყვნენ ფხიზლად, რადგან ჩვენი ღრმა რწმენით, ამ ქაოსის ინსპირატორი უფრო ახლოსაა, ვიდრე ავღანეთი", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.