აქტუალური
ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე

anders-mtსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ნატოს უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, რომლზეც ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე ილაპარაკა:

„საქართველო ალიანსის საიმედო პარტნიორია და ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია.

ეს ქვეყანა ავღანეთის მომავალ მისიაში ჩვენი პოტენციური პარტნიორია. საქართველო ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვან და გრძელვადიან რეფორმებს ახორციელებს. დღეს თავდაცვის მინისტრებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერისათვის. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნატო მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში.

ჩვენი პარტნიორობა ღირებულებებზეა დამყარებული".

anders-qvemot