უცხოეთი
აზერბაიჯანში ერდოღანს ქართველების ნაშიერი უწოდეს, რომელმაც თურქი ერის ღირსება შელახა

erdoganiსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ის, რაც სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე ხდება, სიმბოლური მოვლენაა ერდოღანისთვის, როგორც ქართველი ერის შვილისთვის.

ამის შესახებ „აზერბაიჯანის მეგობრების“ ლიდერმა ელმან მუსტაფაზადემ თურქეთში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

„10 წელიწადზე მეტია, რაც ქართველების ნაშიერი თაიფ ერდოღანი თურქი ერის ღირსებას თელავს. მან თურქი გენერლები დააპატიმრა, ხალხმა არაფერი თქვა. მან შეურაცხყო ათათურქი, გაყიდა კირკუკი, მოსული, დაუცველები დატოვა ერაყში მცხოვრები თურქები, ხალხი ისევ არაფერს ამბობდა. საქართველოს ნაშიერს მიაჩნია, რომ თურქეთში ყველა ერს აქვს უფლებები, გარდა თურქებისა. ერდოღანო, არ დაივიწყო, რომ მოთმინების ფიალა ხალხს გაევსება და შენ უკვე ვერაფერი გიშველის. ეს თურქი ხალხის გაფრთხილება იყო“, – განაცხადა მუსტაფაზადემ.

აღსანიშნავია, რომ ქუჩის აქციები თურქეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სტამბოლში, ანკარაში, ანტალიაში, იზმირსა და კონიაში მაისის ბოლოდან გრძელდება. საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ადგილობრივი ეკოლოგების აქციით, თუმცა დემონსტრანტებმა მოკლე ხანში თურქეთის პრემიერ–მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადადგომა მოითხოვეს.