საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია, რაში იღებს ხელფასს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, როცა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 8 თვის განმავლობაში არ გამართულა.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.„უკვე 8 თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ. რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ? საყვედურები წამოვიდა ჩვენი გუნდიდან - რას აკეთებს უშიშროების საბჭო, მხოლოდ ვაშინგტონში დადის და ლობისტებს ხვდება?! ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას. რას აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის, სად დადიან პრეზიდენტი და ბოკერია, არავინ არაფერი ვიცით. რაში იღებენ ჩვენი გადამხდელების ფულს?! სად იყვნენ აქამდე, ვინ დაუშალა ან ვინ შეუშალა ხელი?!“, - აცხადებს ივანიშვილი.
თავის მხრივ, გიგა ბოკერიამ უშიშროების სხდომის მოწვევისთვის პრემიერ-მინისტრის თანხმობის აუცილებლობაზე გუშინწინ ილაპარაკა. მისი განცხადებით, ფორმალურადაც და რეალურადაც უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი იწვევს, მაგრამ იმისთვის, რომ შეხვედრა აზრიანი იყოს, პრემიერის მზაობა უნდა არსებობდეს.
პრემიერი ივანიშვილი გადაცემაში ბოკერიას ამ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მითითებებს არ აძლევს ისეთ უწყებებს, რომლებიც მის უშუალო დაქვემდებარებაში არ იმყოფება.