პოლიტიკა
ირაკლი ალასანიას შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან

alasa-apaturaiსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა გამართა.

აპატურაის თქმით, საქართველო ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია და ნატო-საქართველოს მსგავსი კომისია ნატოს  ძალიან ცოტა ქვეყანასთან აქვს შექმნილი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ყურადღება ავღანეთის საერთაშორისო მისიაში საქართველოს წვლილზეც გაამახვილა: „მადლობა გადავუხადე მინისტრს და ქართველ ხალხს იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენს ჯარებს ავღანეთის მისიაში შეაქვთ. ასეთი პატარა სახელმწიფოსთვის 22 გარდაცვლილი დიდი მსხვერპლია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ ოპერაციის მომავალზე და ცნობილია, რომ საქართველო ამ მისიაში 2014 წლის შემდეგაც მიიღებს მონაწილეობას. ეს არა მხოლოდ ნატოსთვის, არამედ  საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. თქვენი ქვეყანა იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ამისთვის მადლობელი ვართ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე. როგორც წესი, საბჭო გასვლით სხდომებს არ მართავს. თუ მისი წევრები მიემგზავრებიან, ისინი ადგილად საქართველოს ირჩევენ. საქართველოს სურს ალიანსში გაწევრება და ჩვენ ვეხმარებით, რომ საჭირო სტანდარტები დააკმაყოფილოს. თავდაცვის მინისტრი ძირეულ რეფორმებს ატარებს თავდაცვის უწყებაში. სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს ახლახან მოეწერა ხელი, რასაც ალიანსი მიესალმება. ჩემი აზრით, დღეს თავდაცვის სამინისტროს ძალიან კარგი ხელმძღვანელი ჰყავს“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

“ჩვენ ნათლად გვაქვს წარმოდგენილი, თუ როგორ უნდა მივიდეთ მომავალი წლის სამიტამდე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას თავდაცვისა და იუსტიციის სისტემაში რეფორმირების კუთხით. პოლიტიკური რეფორმები, რომლებიც მთავრობამ დაიწყო, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის. ხვალინდელი  შეხვედრის შემდეგ  უფრო მკაფიო წარმოდგენა გვექნება იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ ნატოს მისიაში მონაწილეობას. ნატო ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას. როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, საქართველო ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ვადებზე საუბარი წინასწარ ნაადრევია“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ.