აქტუალური
ირაკლი ალასანიას შეხვედრები რუმინეთის, დანიისა და ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრებთან

alasa-natoსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დანიის და ნიდერლანდების სამეფოების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან ნიკ ჰეკერუპთან და ჯანინ ჰენის-პლასჩერტთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

დანიისა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათი თქმით, ორივე ქვეყანა აკვირდება საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროცესი წარმატებით განხორციელდება.

„დღეს გვქონდა საქართველოს მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრა. მათ შორის, ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც ნატოში საქართველოს გაწევრების ტემპებთან დაკავშირებით ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ საქართველომ მართლაც მოახერხა დაერწმუნებინა ეს ქვეყნები იმაში, რომ ჩვენი კურსი ევროპაში, ნატოში გაწევრებისკენ შეუქცევადია. რაც მთავარია, ის რეფორმები, რომლებიც  ჩვენს ქვეყანაში ტარდება, არ არის მხოლოდ სიტყვა, არამედ რეალური საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აისახება გადაწყვეტილებებში, რომლებსაც იღებს ნატო“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

დღეს ირაკლი ალასანია რუმინეთის თავდაცვის მინისტრ მირჩა დუშას შეხვდა. ალასანიამ რუმინელ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

alasa-nato-2