რედაქტორისგან
საქართველოს გაერთიანების ფორმულა: ("РИА Новости", ფრაგმენტი პუბლიკაციიდან "საქართველოს გზა ევრაზიულ კავშირში მიდის", 2011 წლის 14 ნოემბერი)

analit-arnoსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ვარშავის ხელშეკრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი დისბალანსი დღემდე "აზანზარებს" არა მარტო ევროპას, არამედ სსრკ-ის ექს-ქვეყნებსაც: ეს არის ეკონომიკური კატაკლიზმები, რომლებიც ევროკავშირის დოტაციაზე შემსხდარი სახელმწიფოების – ეკონომიკური აუტსაიდერების გამო ხდება; და სამოქალაქო დაპირისპირების კრიტიკული ტემპერატურა არშემდგარ სახელმწიფოებში (failed state), რაც ხშირად შეიარაღებულ კონფლიქტებს იწვევს, ისინი კი ამ სახელმწიფოებს უფრო მცირე ტერიტორიებად აქუცმაცებენ. ამავე დროს, აშშ-ისა და ნატოში მისი ზოგიერთი პარტნიორისათვის კატეგორიულად მიუღებელია მსოფლიოში ნებისმიერი ახალი გაერთიანება - ისინი მათ საკუთარი ინტერესების, მათ შორის – ენერგეტიკული ინტერესების წინააღმდეგ გაერთიანებად აღიქვამენ.

ამაში გარკვეული ლოგიკა არის, რამეთუ ევრაზიის კავშირის მსგავს გაერთიანებებს მსოფლიოში სიტუაციის დაბალანსება და მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის (სსრკ-ის დაშლის) შემდეგ წარმოქმნილი დასავლური გადახრის აღმოფხვრა ძალუძთ. დააკვირდით – როგორც კი პოლკოვნიკი კადაფი აღმოსავლეთისა და აფრიკის მუსლიმანური ქვეყნების ახალ არაბულ ხალიფატში გაერთიანებას შეუდგა, მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში ლიბიის გუშინდელმა მოკავშირეებმა აშშ-ის მეთაურობით ის თვითონ გამოაცხადეს ტერორისტად და ისევე გაუსწორდნენ, როგორც მანამდე – სადამ ჰუსეინს, უსამა ბენ ლადენს და ჰოსნი მუბარაქს. ამიტომ ახალი ევრაზიული გაერთიანება – ახალი "ყელში გაჩხერილი ძვალია" მისტერ ჯონებისთვის, რომელთა რუპორი, მარაზმში ჩავარდნილი სენატორი არიზონას შტატიდან მაკეინი, შემთხვევით როდი დაემუქრა პუტინს კადაფის ბედის გაზიარებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მოცემულ მომენტში პოსტსაბჭოთა სივრცის მედიის ამოცანა უნდა იყოს საზოგადოებისათვის ახალი ევროპული კავშირის პერსპექტივების, ერთიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაციის სარგებლიანობის განმარტება, რუსეთის მიმართ მიკერძოებისა და ფობიების აღმოფხვრა. სწორედ ამაზე უნდა იფიქრონ მასმედიის ხელმძღვანელებმა, როდესაც ასტანაში „ФЕАМ-2011“-ზე შეიკრიბებიან, რადგან ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფალთა მიერ შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმი ანდა, უარეს შემთხვევაში, დეზინფორმაციული პროპაგანდა ხელს უწყობს სსრკ-ის ექს-რესპუბლიკების მოსახლეობაში პუტინის პროექტზე მცდარი წარმოდგენის შექმნას ან, სულაც, მის სრულ უმეცრებას ამ საკითხში!

კონკრეტულ მაგალითს მოვიხმობ: ინტერვიუში გაზეთ „ასავალ-დასავალს“(2011 წლის 4 ივლისი) და საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ (2011 წლის 19 ივლისი) ამ სტრიქონების ავტორმა – საქართველოში პირველმა და, ჯერჯერობით, ერთადერთმა – განაცხადა, რომ:

– „საქართველოს ბოლო ისტორიული შანსია, გამოიყენოს ახლო მომავალში პუტინის პრეზიდენტობა – ერთადერთი ადამიანის, ვისაც ქართველი ხალხის, მისი ისტორიის, რელიგიისა და კულტურის გადარჩენა შეუძლია“;

– „საქართველოს გაერთიანება რუსეთთან ერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ევროკავშირის მაგალითით (ახალ შენგენის ზონაში, შიდა ვიზებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, ერთიანი ვალუტითა და საბაჟო წესებით) გამოიწვევს საქართველოს გაერთიანებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ფორმულით „საქართველო+რუსეთი = საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი“.

მაშინ მე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და საბაჟო კავშირს ვგულისხმობდი, მაგრამ ვერაფრით ვივარაუდებდი, რომ სამი თვის შემდეგ, კერძოდ – 2011 წლის 3 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაური ვ. ვ.პუტინი გაზეთ „იზვესტიასთვის“ დაწერდა  სტატიას ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისათვის – მომავალი, რომელიც დღეს იბადება“, სადაც ახალი ევრაზიული კავშირის პირველი ეტაპი – რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის ერთიანი ეკონომიკური სივრცე („ЕЭП“) წარადგინა. თავის სტატიაში პუტინი აღნიშნავს, რომ მისი რეალიზაციისას გამოყენებული იქნება „შენგენის შეთანხმებების გამოცდილება... „ЕЭП“ დაეფუძნება საკვანძო ინსტიტუციურ სფეროებში შეთანხმებულ მოქმედებას... ერთიან სავიზო და მიგრაციულ პოლიტიკას, რაც შიდა საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის მოხსნის საშუალებას მოგვცემს“.

ამრიგად, პუტინმა შემოგვთავაზა ერთიანი ეკონომიკური სივრცის კონკრეტული მოდელი, რომლის წევრობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის აყვავების საწინდარია - მათთვის „ЕЭП“-ის წევრობა ძნელად მისაღწევი ევროკავშირის წევრობის ჯანსაღი ალტერნატივაა და სულაც არ არის გაერთიანება ევროკავშირის და აშშ-ის წინააღმდეგ. ერთიანი ეკონომიკური სივრცის პროექტი, როგორც ცნობილია, 2012 წლის 1 იანვარს იწყება, მაგრამ საქართველოს შეუძლია ცოტა მოგვიანებით შეუერთდეს მას – როდესაც მოლაპარაკებათა მაგიდის ერთ მხარეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი დაჯდება, მეორე მხარეს კი – ხალხის მიერ პატიოსნად არჩეული საქართველოს პრეზიდენტი. ხოლო როცა საქართველო ახალ ევრაზიულ კავშირში შევა, მას „ЕЭП“-ის ფარგლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან გაერთიანების შანსი აქვს, რაზეც, ასევე, მოგახსენებდით ზემოთ ხსენებულ ინტერვიუებში.

ნუთუ რთული ფორმულაა?! განა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელშიც პუტინს მაღალი რეიტინგი აქვს, არ ოცნებობს რუსეთთან ძველი მეგობრობის აღდგენაზე, უვიზო რეჟიმზე, როცა თავისუფლად იქნება შესაძლებელი რუსეთში ნათესავებსა და მეგობრებთან ჩასვლა? (სხვათაშორის, იმ ფაქტს, რომ პუტინი – უძლიერესი პოლიტიკოსია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ, ოღონდ მხოლოდ ძალზე ვიწრო წრეში და ბახუსის ზემოქმედების ქვეშ...). განა ქართველი მეწარმეები არ ოცნებობენ ხელსაყრელ ბიზნესზე – რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაზე? განა ქართველ ხალხს არ ენატრება ერთმორწმუნე რუსი ხალხი? მათზე ახლობელი ხომ არც გვყოლია ვინმე და არც გვეყოლება ოდესმე! ერთიანი რუსულ-ქართული სტრატეგიული, კულტურული, საინფორმაციო, ისტორიული და პოლიტიკური სივრცის აღდგენა – აი, ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რის შემდეგაც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობით მოზიდული არა მხოლოდ რუსული, არამედ ევროპული და ამერიკული ინვესტიციებიც მოზღვავდება!

ჩემი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ საქინფორმის რედაქციაში ცნობილმა მეცნიერებმა და სკოლის პედაგოგებმა, სტუდენტებმა და მშრომელებმა, საქართველოს სოფლების, რეგიონების მცხოვრებთ და თბილისელებმა, შემოქმედებითი ინტელიგენციის ცნობილმა წარმომადგენლებმა, დევნილებმა, პენსიონერებმა და დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა  დარეკეს და მოგვწერეს. ისინი გულწრფელ მოწონებას გამოხატავდნენ, თუმცა მკითხველთა (ჩათვალეთ – ქართველი საზოგადოების) გარკვეულმა კატეგორიამ გადაწყვიტა, რომ მე მხარს ვუჭერ საქართველოს შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებით. რა გასაკვირია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხომ პარლამენტარებთან და მთავრობის უზრუნველყოფაზე მყოფ ექსპერტ-პოლიტოლოგებთან ერთად ყოველდღე, ყველა ქართული პროსახელისუფლებო არხის მეშვეობით ჩაგვაგონებს, რომ პუტინს სინამდვილეში სსრკ-ის აღორძინება სურს!..

ამიტომაც დღეს საქართველოს ფრიად მცირერიცხოვანი დამოუკიდებელი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების უპირველესი ამოცანაა – აუხსნას ამ ზომბირებულ და ამის გამო – აგრესიულ მოქალაქეებს (პოტენციურ ამომრჩევლებს), რომ:

1) გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ რუსეთის იმპერიამ ნაწილ-ნაწილ შეაკოწიწა დაცალკევებული ქართული სამთავროები საქართველოდ წოდებულ სახელმწიფოდ და ორი საუკუნის განმავლობაში მას, ისევე როგორც მის უფლებამონაცვლე რსფსრ-ს, საქართველოში არა მხოლოდ ინტერესები, არამედ მოვალეობებიც ჰქონდა;

2) საქართველოს შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დღეს ისევე არარეალურია, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესვლა საქართველოს შემადგენლობაში უწინდებური პირობებით;

3) იმგვარი "ციური მანანა", როცა საბჭოთა საქართველო გაცილებით მეტს იღებდა ცენტრისაგან, ვიდრე აწვდიდა, მოსალოდნელი აღარ არის, მაგრამ თუკი საქმეს ხელს მოვკიდებთ – ავირჩევთ ეროვნულად ორიენტირებულ ღირსეულ ხელისუფლებას, ისევე მუხლჩაუხრელად ვიმუშავებთ დაზგასთან, მინდვრად და ლაბორატორიაში, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობენ – მაშინ საქართველო შესაძლოა, მოხვდეს მისთვის გაცილებით უფრო ხელსაყრელ – ევრაზიულ კავშირში, ნაცვლად ევროპულისა, რომელშიც მაინც არავინ მიგვიღებს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

პუბლიკაციის ორიგინალი – http://www.ria.ru/mf_analysis/20111102/478417944.html