სამართალი
ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კომისიის მოხსენება ლოპოტას ხეობაში მომხდარი ინციდენტის გამოძიების შედეგებზე
specoperaciaსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი.  ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იჩქერიის კომისია აქვეყნებს 2012 წლის 29 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ ინციდენტზე წარმოებული გამოძიების დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების განადგურების ოპერაცია ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა, ოპერაცია კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით განხორციელდა. ჯგუფის კომპლექტაციის უშუალო ხელმძღვანელი შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე იყო. კომისია სპეცოპერაციის დაგეგმვის მონაწილე ოთხ მხარეს გამოყოფს – რუსეთს, "კავკასიის საემიროს", საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც თავიდანვე აკონტროლებდა მთელ პროცესს, და რიგით დივერსანტებს, მთავარ მოქმედ პირად კი ჩეჩნური მხრიდან ახმედ უმაროვს ასახელებს. როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, ლორთქიფანიძე უმაროვის წარმომადგენლებთან საკუთარი კონტაქტების ხარჯზე, დაჰპირდა ჩეჩნებსა და სამხრეთ კავკასიის სხვა მაცხოვრებლებს, რომელთაც „რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლაში მონაწილეობის სურვილი ჰქონდათ“, საქართველოდან დაღესტანში შესასვლელად "კორიდორის" გაკეთებას. კომისიის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში განხორციელებული შეიარაღებული სპეცოპერაცია წინასწარ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობა იყო. მისივე დასკვნით, საქართველოს იმჟამინდელ მთავრობას არჩევნების წინ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა და შეიარაღებული პირების გამოჩენა დაღესტნიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლად უნდა წარმოჩენილიყო. დასკვნას ხელს აწერს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე უსმან ფერზაული.